მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად გაზარდა ნავთობგიგანტების შემოსავლები ირანის ომმა?

ნავთობი და ფული

ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა კონფლიქტმა ენერგოინდუსტრიის გიგანტებს უდიდესი და უიშვიათესი შესაძლებლობა მისცა, ესარგებლათ კრიზისითა და დეფიციტებით იმაზე მეტად, ვიდრე ბოლო ათწლეულების განმავლობაში ოდესმე.

Shell-ი, Chevron-ი, Exxon-ი, BP, Petrobras-ი, ეს იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ბოლო 6-8 თვეში, რიგ შემთხვევებში წმინდა მოგება 100%-ითაც კი გაზარდეს.

როგორ შეუწყო ხელი აშშ-ირანის ომმა ენერგოგიგანტებს?

მას შემდეგ, რაც 2026 წლის 28 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს და ჰორმუზის სრუტეც ტანკერებისთვის საშიში გახდა, ენერგორესურსები მკვეთრად გაძვირდა. ბრენტი პიკურ ეტაპზე 126 დოლარსაც კი გასცდა, თხევადი გაზის სპოტური ფასი გასამმაგდა, ევროპული ბუნებრივი აირი კი მეგავატ-საათზე 95 ევროზეც კი ავიდა.

როგორია კომპანიების ზოგადი ზრდის მაჩვენებელი?

ამ გლობალურმა მოცემულობამ, ბირჟებზე ფასების მკვეთრმა ზრდამ, სულ მცირე 9 უმსხვილესი ენერგოგიგანტის საოპერაციო მოგების ერთ კვარტალში $95 მილიარდამდე ასვლას შეუწყო ხელი.

მეტ კონკრეტულ ფაქტებზე რომ გადავიდეთ, სტატისტიკა მოწმობს, რომ მთელი საომარი პერიოდის განმავლობაში, ვითარებიდან ყველაზე დიდი სარგებელი ამერიკულმა ენერგოსექტორმა მიიღო. 2026 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ანუ ომის პიკური ექვსი თვის განმავლობაში, 50-ზე მეტმა უმსხვილესმა ამერიკულმა ნავთობისა და გაზის მწარმოებელმა ჯამურად 130 მილიარდ დოლარზე მეტის წმინდა მოგება მიიღო. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ 6 თვეში ეს მაჩვენებელი 47 მილიარდ დოლარზე ნაკლები იყო - ფაქტობრივად, წლიურ ჭრილში მოგება თითქმის გასამმაგდა. S&P Global MI-ს დათვლით, სუფთა გეოპოლიტიკურმა პრემიამ, ანუ ომის წყალობით მიღებულმა დამატებითმა მოგებამ, $92 მილიარდი შეადგინა.

როგორ გაზარდა ომმა ამერიკული ენერგოგიგანტების შემოსავლები?

რაც შეეხება ცალკეულ კომპანიებს, რეკორდული შედეგით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აღმოჩნდა ExxonMobil-ი. მხოლოდ მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიურად 32.7%-ით გაიზარდა და 113.16 მილიარდ დოლარს მიაღწია. რაც მთავარია, წმინდა მოგებამ 79%-ით იმატა - შარშანდელი $8.61 მილიარდიდან $15.41 მილიარდამდე.

არანაკლები ზრდა ჰქონდა Chevron-საც. ომის მიმდინარეობის მეორე კვარტალში მან $12.20 მილიარდის წმინდა მოგება დააფიქსირა, მესამე კვარტალში კი სუფთა მოგება წლიურად 180.4%-ით გაზარდა - შარშანდელი 3.54 მილიარდიდან 9.92 მილიარდამდე, რაც ორ კვარტალში, ჯამურად, $22.12 მილიარდს ნიშნავს.

მხოლოდ გადამუშავებაზე ორიენტირებულ კომპანიებს რაც შეეხება, Valero Energy-მ შემოსავალი 43%-ით, 46.10 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, აქციაზე მოგებამ 193.3%-ით - $8.15-დან $23.90-მდე იმატა, ხოლო გადამუშავების მარჟა თითქმის გასამმაგდა და ბარელზე 39.24 დოლარი შეადგინა.

პარალელურად, Marathon Petroleum-მა $56.49 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც პროგნოზირებულ 43.81 მილიარდს 28.9%-ით აღემატება.

რა შედეგი დააფიქსირეს ევროპულმა ენერგოკომპანიებმა?

რაც შეეხება ევროპას, კონტინენტზე და დიდი ბრიტანეთში ომის დაწყებიდან ოქტომბრის ბოლომდე ნავთობგადამუშავების სექტორმა კუმულაციურად 36 მილიარდი ევროს დამატებითი საომარი მოგება მიიღო. მხოლოდ მესამე კვარტალში ექვსმა უმსხვილესმა ევროპულმა გიგანტმა - Shell-მა, BP-მ, TotalEnergies-მა, Equinor-მა, Eni-მ და Repsol-მა - ერთობლივად 38 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება დაწერა, რაც წლიურად 140%-იანი ზრდაა.

ბრიტანულმა Shell-მა კორექტირებული მოგება 99.1%-ით გაზარდა - $5.43 მილიარდიდან $10.81 მილიარდამდე, ხოლო წმინდა მოგება 126.7%-ით - $5.32 მილიარდიდან $12.06 მილიარდამდე. აღსანიშნავია, რომ Shell-ის მიერ ერთი ბარელის გადამუშავებიდან მიღებული მოგების მარჟა შარშანდელი $11.60-დან მეორე კვარტალში 24 დოლარამდე, მესამე კვარტალში კი ისტორიულ რეკორდამდე - ბარელზე $42-მდე გაიზარდა.

თავის მხრივ, BP-მ ბოლო 18 წლის რეკორდი მოხსნა - 2008 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგი აჩვენა და 69.90 მილიარდი დოლარის შემოსავლის ფონზე კორექტირებული წმინდა მოგება 156.4%-ით, $8.46 მილიარდამდე გაზარდა.

ფრანგულმა TotalEnergies-მა წმინდა მოგება 122%-ით გაზარდა - $9.10 მილიარდამდე, ხოლო ნორვეგიულმა Equinor-მა კორექტირებული საოპერაციო მოგება 79.7%-ით - 12.40 მილიარდ დოლარამდე.

რამდენად გაიზარდა სხვა ნავთობგიგანტების შემოსავლები?

ომის დივიდენდი სრულად აითვისეს ბრაზილიურმა, საუდის არაბეთის, ჩინურმა და რუსულმა გიგანტებმა.

ბრაზილიურმა Petrobras-მა მეორე კვარტალში წმინდა მოგება 96.8%-ით - 5.28 მილიარდიდან 10.40 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. Saudi Aramco-მ, იმ კომპანიამ, რომელსაც ირანი ამერიკასთან პარტნიორული კავშირების გამო ბომბავდა, მესამე კვარტალში წმინდა მოგება 34.5%-ით, $26.95 მილიარდიდან $36.25 მილიარდამდე მაინც გაზარდა. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ Aramco-ს მხოლოდ გადამუშავების სეგმენტის მოგება ბოლო 6 თვეში 234%-ით, 10.30 მილიარდ დოლარამდე ავიდა.

რაც შეეხება ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებს, მათ მესამე კვარტალში ჯამურად $46.93 მილიარდის წმინდა მოგება მიიღეს. PetroChina-ს წმინდა მოგება 22%-ით, $7.79 მილიარდამდე გაიზარდა, მსოფლიოს უმსხვილესმა გადასამუშავებელმა გიგანტმა, Sinopec-მა კი წმინდა მოგება 64%-ით - $3.67 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, ხოლო CNOOC-მა ბურღვითი შემოსავლებით დამატებით 19%-ის შემოსავალი, კერძოდ, $14.8 მილიარდი მიიღო.

სარგებელი დააფიქსირეს რუსულმა მწარმოებლებმაც. განსაკუთრებით Rosneft-მა და Gazprom Neft-მა, რომელთაც მხოლოდ ბოლო ოთხ კვირაში ექსპორტიდან $10.60 მილიარდი დოლარი მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები