მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად იმპორტდამოკიდებულია საქართველო რუსეთზე? - TI-ს კვლევა

636a269fc6d40
თამთა ჯიჯავაძე
08.11.22 23:00
722
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულების და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს რუსეთზე იმპორტდამოკიდებულებაც მიმოხილულია რიცხვებში. კერძოდ, TI-ს კვლევის მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსული საქონლის იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძირითადად საავტომობილო საწვავის და ქვანახშირის იმპორტის ზრდის გამო.

ზოგადად კი, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან იმპორტი 73%-ით გაიზარდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამური იმპორტში 13.1% იყო, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია.

ასევე, აღსანიშნია, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა - 350%-ით (329 მლნ აშშ დოლარით). რუსული საწვავის წილმა იმპორტში 44% შეადგინა. ქვანახშირის და კოქსის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა და ჯამში 57 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ელექტროენერგიის რუსეთიდან იმპორტს, 3.6-ჯერ ზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 3% უჭირავს. რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოტანა 32%-ით შემცირდა. რუსული გაზის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 7%-მდეა.

„ბოლო წლებში რუსული ელექტროენერგიის იმპორტს საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში მნიშვნელოვანი წილი აღარ უჭირავს. მაგალითად, 2021 წელს საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მხოლოდ 1.8% იყო, საქართველოს ელექტროენერგიის მთლიან იმპორტში კი მისი წილი 25%-ს შეადგენდა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 3% იყო, ელექტროენერგიის მთლიან იმპორტში კი - 49%.

განსხვავებული სიტუაციაა ბუნებრივი აირის იმპორტში. მაგალითად, 2018 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირს საქართველოს ბუნებრივი აირის მთლიან იმპორტში 2.8% წილი ეკავა (ღირებულების მიხედვით). 2020 წელს ეს მაჩვენებელი 12.2%-მდე გაიზარდა, 2021 წელს კი 23.1%-ს მიაღწია. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანა 37%-ით შემცირდა. რუსეთიდან სულ 34.2 მლნ აშშ დოლარის ბუნებრივი აირი შემოვიდა, რაც საქართველოს ბუნებრივი აირის ჯამური იმპორტის 12% იყო. საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარ მომწოდებლად აზერბაიჯანი რჩება, საიდანაც 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 246 მლნ აშშ დოლარის ბუნებრივი აირი შემოვიდა, რაც საქართველოს ბუნებრივი აირის ჯამური იმპორტის 88% იყო.

2022 წლის მარტი-სექტემბერში ყველაზე მეტად - თითქმის 5-ჯერ (329 მლნ აშშ დოლარით) - რუსული ნავთობპროდუქტების (საავტომობილო საწვავის) იმპორტი გაიზარდა. თუ რაოდენობრივ ჭრილში ვნახავთ, რუსეთიდან საწვავის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა. მარტი-სექტემბერში საქართველოში შემოტანილ საწვავში რუსეთს 44%-იანი წილი ეკავა და პირველ ადგილზე იყო. 2021 წელს რუსული საწვავის წილი იმპორტში 18% იყო. საწვავის იმპორტის 71% თურქმენეთზე, აზერბაიჯანზე, რუმინეთზე და ბულგარეთზე მოდიოდა. რუსულმა საწვავმა ძირითადად აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ბულგარეთიდან საწვავის იმპორტი ჩაანაცვლა. მარტი-სექტემბერში საქართველოში საწვავის მოხმარება 3%-ით გაიზარდა, საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი (რეალურად რეექსპორტი) კი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.

37 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა ქვანახშირისა და კოქსის იმპორტი და ჯამში 57 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თუ რაოდენობრივ ჭრილში ვნახავთ, იმპორტი 21%-ით არის გაზრდილი, რაც იმას მიანიშნებს, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ქვანახშირის და კოქსის ჯამური ღირებულება მნიშვნელოვანწილად ქვანახშირის და კოქსის ფასის ზრდის გამო გაიზარდა. საქართველოდან ქვანახშირის და კოქსის ექსპორტი უმნიშვნელო მოცულობით განხორციელდა“, - წერს TI.

კვლავ მაღალია რუსულ ხორბალსა და ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულებაც.

„2021 წელს რუსეთიდან 87 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 319 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, რაც საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 94% იყო. 2020 წელს რუსული ხორბლის წილი იმპორტში 99% იყო, 2019 წელს კი 100%-მდე. 2022 წლიდან ხორბლის იმპორტი ხორბლის ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა. რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე გაზრდილი გადასახადის გამო, იმპორტიორებმა ხორბლის ფქვილის შემოტანა არჩიეს, რომელიც საბოლოოდ უფრო იაფი გამოდის, ვიდრე ხორბლის შემოტანა და გადამუშავება. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11-ჯერ გაიზარდა, ხორბლის იმპორტი კი განახევრდა. ჯამში, რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილმა საქართველოს ამავე საქონლის მთლიან იმპორტში 96% შეადგინა. ცნობისათვის, 2021 წელს რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოში ხორბლის სასურსათო მოხმარებაში 78%-მდე იყო“ - მიმოხილულია TI-ს კვლევაში.

კვლევაში ასევე საუბარია სხვა პროდუქტების რუსეთიდან იმპორტზეც:

5-ჯერ გაიზარდა მარგარინის იმპორტი და მისმა ღირებულებამ ჯამში 23.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 3.6-ჯერ (8.7 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი.

2022 წლის მარტი-სექტემბერში ფაქტობრივად შეწყდა რუსეთიდან ტელეფონის აპარატების შემოტანა და კლება 21.3 მლნ აშშ დოლარი (93%) იყო. 27%-ით (10 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა ბუნებრივი აირის იმპორტი. 85%-ით (8.6 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა რუსეთიდან სიმინდის შემოტანა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები