მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად მაღალია ლიბერთი ბანკის საპენსიო სესხების პროცენტი? - ნათია თურნავას პასუხი

ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, საპენსიო სესხებზე ლიბერთი ბანკის მიერ დაწესებული პროცენტი მაღალი არ არის. ასე უპასუხა მან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, რომან გოცირიძის კრიტიკას, რომელმაც თქვა, რომ, „ლიბერთი ბანკი“ თაღლითობს, რადგან რეალურად წლიური საშუალო 30,6%-იანი სესხი პენსიონერებისათვის უნდა დაწეულიყო 26%-მდე, ხოლო სინამდვილეში რეალური, ე. წ. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 29% აღმოჩნდა.

„პროცენტთან დაკავშირებით იყო კითხვა: არის თუ არა 26% მაღალი? მე იმასაც ვიტყვი და შეგახსენებთ, თუკი ჩახედავთ ხელშეკრულებას, რომელიც დადებულია ბანკსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის, იქ არის ფორმულა, ამიტომ არ არის მართებული მოჭრილ პროცენტზე საუბარი. დღესდღეობით ეს არის 25.5%. იქ არის ფორმულა, რომელიც მიბმულია ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე და აქედან გამომდინარე, ეს პროცენტი არის ამ ფარგლებში. მით უფრო ახლა, როცა ხდება მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება, მოსალოდნელია, რომ პროცენტი კიდევ უფრო მეტად დაბლა წამოვიდეს, მაგრამ არის თუ არა 25, ან 26% მაღალი? ან არის თუ არა რეალური პროცენტი? თუ შევადარებთ იმას, რაც 15 წლის წინ იყო, ეს არის რადიკალურად შემცირებული, მაგრამ თუ შევადარებთ იმას, არის თუ არა ეს რეალური საბაზრო პროცენტი, მინდა გითხრათ, რომ მინიმალური მარჟა არის ჩადებული“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, სესხის პროცენტი ბევრი სხვადასხვა ფაქტორის შედეგად დგება:

„ეს არის შედარებით სარისკო სეგმენტი, სარისკო სესხები, მართალია უზრუნველყოფილია ბიუჯეტიდან საპენსიო გასაცემლებით, მაგრამ თვითონ მსესხებლების ასაკიდან გამომდინარე ამას დამატებითი რისკები ახლავს. იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩვენი არსებული წესით, ეს სესხი, ეს ვალი არ გადადის მემკვიდრეობით. ამ შემთხვევაში ბანკს ყველა რისკი უნდა ჰქონდეს ასახული პროცენტში და ეს ასეც არის. გარდა ამისა, ეს არის სესხი, რომლის გაცემაც არის დაკავშირებული საკმაოდ დიდ დანახარჯებთან. ლიბერთი ბანკი არის ერთ-ერთი მსხვილი ფილიალების მფლობელი, ფილიალის შენახვა არ არის იაფი საქმე, მაგრამ ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ თითოეულ პენსიონერს მიაწვდინოს თავისი სერვისები და მომსახურებები. იქ, სადაც ფილიალები არ არის, მანქანები მიდის და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე ხარჯიანია პენსიებთან დაკავშირებული პორტფელი. არ არის უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით. აქედან გამომდინარე, დაწესებული პროცენტი არის საკმაოდ დაწურული“, - თქვა თურნავამ.