მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად მოგებიანია ქართულ მეცხოველეობის დარგში ინვესტირება? - ფრანგი ინვესტორის მოსაზრება

ფერმა

ფრანგულ-ქართულმა აგრო-ინდუსტრიულმა ჯგუფმა მეცხოველეობის დარგში ინვესტირება 2019 წელს დმანისის სოფელ ზემო ყარაბულახში არსებული ფერმის "დმანისის მეცხოველეობის" განვითარებით დაიწყო.

აგროინდუსტრიული ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფრანგი ინვესტორი ჟაკ ფლური BM.GE-სთან ამბობს, რომ გასულმა რამდენიმე წელმა აჩვენა, რომ საქართველოს მესაქონლეობის დარგში ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს, რასაც წინასწარმა კვლევებიც ცხადყოფდა. მისი თქმით, აქაური კლიმატი და ბუნებრივი პირობები ძალიან ჰგავს საფრანგეთის მთიანი რეგიონების კლიმატს, რაც ევროპული საქონლის ჯიშების მოშენების შესაძლებლობას იძლევა.

"ქართული ბაზრის შესწავლის შემდეგ, გადავწყვიტეთ,რომ ინვესტირება მესაქონლეობისა და ნედლი ხორცის წარმოების მიმართულებაში დაგვეწყო.

ამ ეტაპზე დმანისში 700 ჰექტარი ფართობის მიწა გვაქვს, ეს ძალიან საინტერესო ლოკაციაა კლიმატის მხრივ, ჩვენ ჩამოვიყვანეთ სრულიად ახალი ჯიშის საქონელი, როგორიცაა მაგალითად "სალერსი" , რადგან აქაური კლიმატი ძალიან ჰგავს საფრანგეთის მთიანი რეგიონების კლიმატს - არის ძალიან ძალიან ჯანსაღი ბუნებრივი პირობები, სუფთა ჰაერი, წყალი, საძოვარი და ასე შემდეგ", - აღნიშნავს ჟაკ ფლური.

ბიზნესმენი თვლის, რომ ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარებისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ის გვიყვება, რომ ინვესტირების დაწყებამდე კვლევა ჩაატარეს, რომელმაც ცხადყო, რომ უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ქართული მეცხოველეობის დარგი, ფაქტობრივად, არ განვითარებულა.

"მესაქონლეობის მიმართულების 90% საქართველოს მთიან რეგიონშია თავმოყრილი, სხვა რეგიონებში კი ეს დარგი, ფაქტობრივად, განუვითარებელია.

საქართველოში საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია სანიტარული ნორმების დაცვის ნაწილი, ასევე აქ კვალიფიციური ვეტერინარების დეფიციტი შეინიშნება, ეს კი, რა თქმა უნდა, ჩვენს ბიზნეს საქმიანობაზე აისახება. როგორც აღვნიშნე, ჩვენ განსხვავებული, ევროპული ჯიშის საქონელი ჩამოგვყავს, რომლებსაც განსაკუთრებული მკურნალობა სჭირდებათ, ვეტერინარების მოძიება კი ძალიან გვიჭირს, შესაბამისად ეს უფრო მეტი ახალი ჯიშის საქონლის შემოყვანის პროცესს ართულებს. ბოლო წლებში ვეტერინარის არ არსებობის გამო ბევრი ცხოველი დავკარგეთ.

რომ არა მსგავსი ტიპის გამოწვევების სიმრავლე, ქართულ მეცხოველეობის დარგში ინვესტირება ბევრად მოგებიანი იქნებოდა, თუმცა პოტენციალი ნამდვილად არსებობს", - ამბობს ქართულ-ფრანგული აგროინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე ჯგუფმა "დმანისის მეცხოველეობის" განვითარებაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა. მათი წარმოებული პროდუქცია კი ქართულ რიტეილ ქსელებშია წარმოდგენილი.

ფრანგულ-ქართული აგროინდუსტრიული ჯგუფი "დმანისის მეცხოველეობის" გარდა საქართველოში კიდევ რამდენიმე კომპანიას მართავს. ერთი ეს არის "ფუდ ალიანსი", რომელიც საკონდიტრო მიმართულებით პოზიციონირებს და მეორე Sartichala Wineyard Managment, რომელმაც ახლახანს სუფრის ყურძნის წარმოება დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები