ქართულ-ფრანგული აგროინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელი ჟაკ ფლური BMG-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში მცირე რაოდენობის ნედლი ხორცი იწარმოება, რის გამოც პროდუქტი ფასი საკმაოდ მაღალია.
მისი თქმით, ამ პროცესს იმპორტირებული პროდუქციის ფასი აბალანსებს, თუმცა ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ სხვა ქვეყნებიდან შემოსული ხორცი ადგილობრივად ნაწარმს კონკურენციას ვერ გაუწევს, რადგან მომხმარებელს ახალი ხორცი სჭირდება.
"იმპორტირებული ხორცი დახლზე რამდენიმე დღის შენახვის შემდეგ ხვდება, ამ დროს ევროპაში სპეციალური კანონი არსებობს, რომელიც ხორცის ვადას აკონტროლებს, ხორცის შენახვა მაქსიმუმ 20-25 დღის განმავლობაში შეიძლება.
მომხმარებელს ახალი ხორცი სჭირდება, ამიტომ იმპორტირებული ადგილობრივთან კონკურენციაში ვერ შემოვა. მართალია, ყველა საკვებში აუცილებელი არ არის, რომ ხორცი ახალი იყოს. მაგალითად თუ ქართულ ტრადიციულ კერძებს აკეთებ, შეგიძლია, რომ შენახული ხორცი გამოიყენო, მაგრამ თუ კი გრილზე ამზადებ, აქ აუცილებელია, რომ პროდუქტი ახალი იყოს.
იმპორტი გავლენას ახდენს ადგილობრივ მწარმოებლებზე, მაგრამ ჩვენ უკეთეს პოზიციაში ვართ, რადგან ჩვენ გასაყიდ ობიექტებს პროდუქტს ბევრად სწრაფად ვაწვდით", - ამბობს ჟაკ ფლური.
მისივე მოსაზრებით, საქართველოში ხორცის წარმოების გასაზრდელად აუცილებელია, რომ მესაქონლეობის დარგი განვითარდეს, მწარმოებლებმა სანიტარული ნორმები დაიცვან, გადამზადდნენ კვალიფიციური ვეტერინარები და ქვეყანაში სულ უფრო მეტი ახალი ჯიშის საქონელი შემოვიდეს.
შეგახსენებთ, რომ ქართულ-ფრანგული აგროინდუსტრიული ჯგუფი დმანისის სოფელ ზემო ყარაბულახში "დმანისის მეცხოველეობის" ფერმას მართავს, რომელიც 700 ჰექტარი ფართობისაა და ამ დარგის განვითარებაში ჯგუფს რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიცია აქვს ჩადებული.