მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულ ბაზარს უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს სუფრის ყურძენი" - ფრანგი ინვესტორი

სუფრის ყურძენი

ფრანგმა ინვესტორმა, ჟაკ ფლურიმ, რომელიც საქართველოში 27 წელია საქმიანობს, 2020 წელს სართიჭალაში სუფრის ყურძნის ვენახები გააშენა და ქართული ბაზრისთვის ეს პროდუქტი გაეცნო.

მისი პირველადი მიზანი, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან სუფრის ყურძნის იმპორტის ჩანაცვლება იყო, რადგან მიაჩნია, რომ ქართულ კლიმატს ამ პროდუქტის წარმოების მხრივ დიდი პოტენციალი აქვს.

BMG-სთან საუბრისას ჟაკ ფლური აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ადგილობრივი ბაზრისთვის პროდუქტის გაცნობის პროცესში არიან, უწევთ დეტალური ახსნა - რა განსხვავებაა ტრადიციულ და სუფრის ყურძენს შორის.

"სრულიად უნიკალური ჯიშები დავრგეთ. ამ ეტაპისთვის ოთხი ჯიშის ვაზი გვაქვს წარმოდგენილი. ჯერ ძალიან ახლები ვართ, ამიტომ თავის დამკვიდრება ცოტა გვიჭირს, თუმცა დაინტერესება უკვე არის.

წელს მეორე მოსავალი მივიღეთ, მომავალი წლისთვის აქტიური პოზიციონირებისთვის კიდევ უფრო მზად ვიქნებით, რადგან დაახლოებით 1000 ტონა მოსავალს ველოდებით", - ამბობს Sartichala Wineyard Managment-ის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, აღნიშნული პროდუქტის მიმართ დიდი ინტერესია რუსეთიდან და უკრაინიდანაც, თუმცა მათი პრიორიტეტი ადგილობრივი ბაზარია. აქ თავის დამკვიდრების შემდეგ კი ექსპორტსაც გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სუფრის ყურძნის ვენახის გასაშენებლად კომპანიამ თითოეულ ჰექტარზე 35.000 ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ Sartichala Wineyard Managment ქართულ-ფრანგული აგროინდუტრიული ჯგუფის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც ამასთან ერთად "დმანისის მეცხოველეობას" და საკონდიტრო მიმართულება "ფუდ ალიანსს" აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები