1 სექტემბერს, ტიანძინში გამართულ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის 25-ე სამიტზე ჩინეთმა დედოლარიზაციისკენ ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - გაერთიანების წევრები განვითარების ერთობლივი ბანკის შექმნაზე დაითანხმა.
ბანკის, რომელიც მიზნად რეგიონული ინფრასტრუქტურის, ვაჭრობისა და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. რაც მთავარია, მთელი პროცესი დოლარის გამოყენების გარეშე უნდა წარიმართოს.
თუმცა საკითხავია, რამდენად შეძლებს ჩინეთი რეალური შედეგის მიღწევას. უპირველესად, პრობლემა მართვის სტრუქტურასთან დაკავშირებით იქმნება. ჩინეთთან სიახლოვის მიუხედავად, შანხაის თანამშრომლობის გაერთიანების წევრებს კიდევ ერთი გლობალური მოთამაშის გავლენის ქვეშ მოქცევა არ სურთ. ერთობლივი ფინანსური ინსტიტუტის შექმნაზე პირველადი შეთანხმების მიღწევა სწორედ იმ მიზეზით მოხერხდა, რომ ბანკის ხელმძღვანელობის საკითხი შემდგომი განხილვისთვის გადაიდო.
კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც ახალ ბანკს აქვს, წევრი ქვეყნების განსხვავებული ეკონომიკური მოწყობა და არაერთგვაროვანი პრიორიტეტებია. თუ რიგ ქვეყნებს ფული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სჭირდებათ, სხვების პრიორიტეტი სამხედრო შესაძლებლობების განვითარება შეიძლება იყოს. ამ მხრივ კი ერთ-ერთი პრობლემური მაგალითი ინდოეთი და პაკისტანი არიან.
ცალკე განხილვის საგანია საფიანსო ინსტიტუტისთვის კაპიტალის მობილიზების საკითხი. მართალია, ჩინეთმა საწყის ეტაპზე 10 მილიარდი იუანის, ანუ $1.4-მილიარდი დოლარის მობილიზების პირობა დადო, თუმცა სხვა არცერთ წევრს ამ კუთხით ინიციატივა არ გაუჟღერებია. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ბანკი კი თავისი არსით თანამეგობრობის ერთობლივი ბანკი ვერ იქნება, თუ გასაცემი სესხებისთვის საჭირო კაპიტალს მხოლოდ ერთი აქტორი განათავსებს.




























