მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად რეალურია "ზანგეზურის დერეფნის" როგორც მას აზერბაიჯანი უწოდებს, 2028 წლისთვის ამუშავება?

ტრამპი, ალიევი და ფაშინიანი

ზანგეზურის დერეფანი როგორც მას აზერბაიჯანი უწოდებს შესაძლოა 2028 წლისთვის გაიხსნას. ეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტთან ყასიმ-ჟომართ ტოყაევთან გასულ კვირაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა.

სომხეთის სიუნიქის პროვინციაში გამავალი დერეფნის ამუშავებით დაინტერესებულია ამერიკაც. სწორედ ამას გაუსვა ხაზი ალიევმა და თქვა, რომ დონალდ ტრამპმა საკუთარი სახელი უწოდა ამ დერეფანს, რაც ნიშნავს, რომ წარმატებით დასრულდება.

სტატიაში ვარკვევთ:

  • რამდენად რეალურია შუა დერეფნის კონკურენტი გზის ასე მოკლე დროში გახსნა;
  • რას ცვლის ახალი დერეფანი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის;
  • რა უნდა გააკეთოს საქართველომ;

"გარდა იმ ყველაფრისა, რასაც ამჟამად ვგეგმავთ და ვახორციელებთ, ზანგეზურის კორიდორის პროექტს უდიდესი პოტენციალი აქვს. აზერბაიჯანში გზებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე სამუშაოები მომავალი წლის შუა პერიოდში დასრულდება. ვიმედოვნებთ, რომ სხვა ქვეყნებშიც სამუშაოები იგივე ტემპით წარიმართება, და ასეთ შემთხვევაში ზანგეზურის კორიდორის გახსნა შესაძლებელია 2028 წლის ბოლომდე. როგორც იცით, აგვისტოში გამართული ვაშინგტონის სამიტის ერთ-ერთ მიღწევად პროექტი “ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” მიიჩნევა. პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარი სახელი უწოდა ამ პროექტს, რაც ბუნებრივად მიანიშნებს იმაზე, რომ იგი აუცილებლად განხორციელდება", - განაცხადა ალიევმა.

რასაც ალიევი “ზანგეზურის დერეფანს” უწოდებს რეალურ არის გზა, რომლითაც სომხეთის სიუნიქის პროვინცია დააკავშირებს აზერბაიჯანს ექსკლავ ნახიჩევანთან. 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აზერბაიჯანი ზეწოლას ახორციელებდა სომხეთზე „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნის მოთხოვნით. დერეფნის ამუშავება სურს თურქეთსაც, რადგან ეს იქნება ყველაზე მოკლე გზა, რაც აზერბაიჯანს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და თურქეთთან დააკავშირებს. კორიდორის გახსნის საკითხი 2025 წლის აგვისტოში გააქტიურდა, როცა ტრამპის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგა.

სამმხრივი შეთანხმების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად იქცა ტრამპის ინიციატივა სამხრეთ კავკასიურ დერეფანზე, რომელსაც ეწოდება საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისში “აბრეშუმის გზის” ფორუმზე გამოსვლისას ამბობს, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ახალი კორიდორი შუა დაფრენის კონკურენტი არ იქნება.

“ვმუშაობთ იმაზე, რომ მშვიდობა აზერბაიჯანთან უფრო მეტად ინსტიტუციურ დონეზე გადავიდეს და ეს შეთანხმება უფრო ხელშესახები გახდეს. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები განვითარდეს და გამოსწორდეს. ეს ვაშინგტონში იქნა ინიცირებული. ამის პარალელურად გაიხსნება ყველა სატრანსპორტო მარშრუტი ერთი მეორეს მიყოლებით, რაც ჩვენს რეგიონს ისტორიულ ცვლილებას მოუტანს. რეგიონში სატრანსპორტო დერეფნებს შორის კონკურენციის შესახებ კომენტარებს გავეცანი. არ ვეთანხმები ამ კომენტარებს და მიმაჩნია, რომ ეს კონკურენტული მარშრუტები არ არის. ისინი ერთი მეორის შემავსებელი მარშრუტებია და ეს სამხრეთ კავკასიის პოტენციალს კიდევ უფრო ზრდის", - განაცხადა ფაშინიანმა.

რამდენად რეალურია ამ დერეფნის ამუშავება, ეს "კავკასიური სახლის" მშვიდობის პროგრამის ხელმძღვანელს ვანო აბრამიშვილს ვკითხეთ. ის არარეალისურად მიიჩნევს 2028 წლისთვის დერეფნის ამუშავებას. აბრამიშვილი ფიქრობს, რომ სომხეთზე გამავალი მარშრუტის მუშაობა ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მათ შორის გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთი სომხეთის რკინიგზას სრულად აკონტროლებს.

"აზერბაიჯანისთვის ყოველთვის დიდი პრობლემა იყო თავის ექსკლავთან ნახიჩევანთან დაკავშირება და აქედან გამომდინარე ამ წლის 8 აგვისტოს შეთანხმება, რომელიც შედგა ვაშინგტონში, არის ძალიან მნიშვნელოვანი მისთვის. გზას, რომელსაც უნდა დაეკავშირებინა აზერბაიჯანი თავის ექსკლავთან, მოიხსენიებს მუდმივად ზანგეზურის კორიდორად. ამას ეწინააღმდეგება სომხეთი და ამბობს, რომ ეს არის სიუნიქის რეგიონი და სწორი არ არის.

შემდეგ რაღაც ნეიტრალურ ტერმინზე შეთანხმდნენ, რომ ამას დაერქმევა ეს “თრიფი”, რომელიც იშიფრება, როგორც ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. სომხეთი სულ უფრო აქტიურად მოუწოდებს აზერბაიჯანს, რომ ეს ტერმინი გამოიყენოს, როდესაც საუბრობს ამ კონკრეტულ დამაკავშირებელ გზაზე და არა მაგალითად ზანგეზურის კორიდორზე. თავად ეს გზა რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არის. ეს განბლოკვას შეუწყობს ხელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო კავშირების და სავაჭრო კავშირების. თურქეთი რა თქმა უნდა ძალიან დაინტერესებულია ამ ყველაფრით. შორსმიმავალი გეგმები აქვს, ცხადია, თავად აზერბაიჯანს, რომ შუა აზია დააკავშიროს ამ გზასთან. მაგრამ რასაც ეძახიან რეალობის შემოწმებას ადგილზე, ჯერ სიტყვების იქით არაფერი არ არის", - ამბობს აბრამიშვილი.

საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი გივი თხელიძე გვეუბნება, რომ სომხეთზე გამავალი დერეფანი თუ გაიხსნება უპირველესად საავტომობილო ტვირთები გადამისამართდება.

"ზანგეზურის დერეფანი თუ გაიხსნება, რა თქმა უნდა, ტვირთის გარკვეული ნაწილი გადანაწილდება იქით. თქვენ ახსენეთ, რომ 2028 წლისთვის დაანონსდა მისი ამუშავება. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი დრო დასჭირდებათ, მაგრამ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ ჩვენს სასიკეთოდ და შევიძინოთ უფრო უკეთესი საპორტო ინფრასტრუქტურა, გავაკეთოთ უკეთესი გზები, დავამთავროთ რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, იმისთვის რომ უფრო დიდი კონკურენცია გავუწიოთ", - ამბობს თხელიძე.

აშშ-ის პრეზიდენტმა 8 აგვისტოსვე სახელმწიფო მდივანს დაავალა, რომ 180 დღეში გადადგას ყველა ნაბიჯი სამუშაო ჯგუფის შესაქმნელად, რომელიც ფოკუსირებული იქნება “ტრამპის მარშრუტის” განვითარებაზე. თავის მხრივ ამერიკას ამ დერეფანზე კონტროლი 100 წლით უნდა. აღსანიშნავია, რომ "ტრამპის მარშრუტი" მოიცავს სხვადასხვა ინფრასტრუქტურას რკინიგზას, საავტომობილო გზას და ენერგომილსადენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები