მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენად შესაძლებელია ENKA-სთვის $450 მილიონის გადახდის თავიდან აცილება?|მაია მელიქიძის ხედვა

მაია მელიქიძე

„თუ დავიწყებთ ხუდონჰესის მშენებლობას ერთი ხელით, მეორე ხელით უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები ENKA-თან, რადგან [არბიტრაჟის მიერ დაკისრებული $450 მლნ] ძალიან დიდი თანხაა ჩვენი ქვეყნისთვის“, - ეს განცხადება საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ გააკეთა, სადაც ინტერვიუს ერთ-ერთი თემა ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები და გამოწვევები იყო. მაია მელიქიძეს მიაჩნია, რომ „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანია ENKA-თან მოლაპარაკების რესურსი არსებობს, რათა სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში წაგებული თანხის გადახდა არ მოუწიოს. „მარიამ ქვრივიშვილს აქვს ის ავტორიტეტი, რეპუტაცია და ცოდნა-გამოცდილება, რომ ურთიერთობები დაიწყოს სუფთა ფურცლიდან, თუნდაც ENKA-თან“, - თქვა მაია მელიქიძემ.

შეგახსენებთ: საქართველომ ENKA-სთან საარბიტრაჟო დავა 2024 წლის დეკემბერში წააგო. განაჩენი საქართველოს მიერ 383 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებდა. ამასთან, ამ თანხას ემატება პროცენტიც (SOFR+4%) იქამდე, სანამ საქართველო განაჩენს სრულად არ აღასრულებს. ამ დროისთვის პროცენტთან ერთად კომპენსაციის მოცულობა 450 მილიონ დოლარს აჭარბებს. მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში კი, გასაჯაროვდა პარიზის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმად, ვიდრე საბოლოოდ არ დასრულდება საქართველოს მთავრობის მიერ თურქულ კომპანია ENKA-ს წინაშე წაგებულ საარბიტრაჟო საქმეზე განხილვა და არ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, არ მოხდება ENKA-ს სასარგებლოდ ICC-ის არბიტრაჟის განაჩენის შესაბამისად, დაკისრებული კომპენსაციის და მასზე დარიცხული პროცენტის დაუყოვნებლივი აღსრულება.

ინტერვიუ მაია მელიქიძესთან

- ძალიან კარგია, რომ ამ ეტაპზე ENKA-სთვის კომპენსაციის გადახდის პროცესი შეჩერდა და სახელმწიფომ შესაბამისი არგუმენტები წარადგინა. ახლა ყველაზე სწორი გზა მოლაპარაკებების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებაა. მიმაჩნია, რომ ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს აქვს ის ავტორიტეტი, რეპუტაცია და ცოდნა-გამოცდილება, რომ ურთიერთობები, თუნდაც ENKA-თან, თავიდან დაიწყოს. უნდა გადაიხედოს ის ხელშეკრულება, ის უთანხმოება, გაუგებრობა და ის „ტკივილი“, რომელიც სექტორსა და ინვესტორ კომპანიას მიადგა. საბოლოო ჯამში, ახალი ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს...

- კონკრეტულად რას გულისხმობთ - შესაძლებელია „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებაზე ისევ ENKA-თან განახლდეს მოლაპარაკებები?

- ეს ჩემი სუბიექტური აზრია... ვთვლი, რომ ამ პროექტს განვითარების თავისი გზა უნდა ჰქონდეს.

- გასაგებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რომ საქართველომ საარბიტრაჟო დავა წააგო. მიუხედავად ამისა, თქვენ ფიქრობთ, რომ თუ არსებობს რესურსი, გამოიძებნოს საერთო ენა ინვესტორთან და თუ მთავრობა ENKA-ს გარკვეულ გარანტიებს შესთავაზებს, შესაძლებელია, სახელმწიფო ბიუჯეტს ასეულობით მილიონის გადახდა არ მოუწიოს და პროექტიც განახლდეს?

- ზუსტად მაგას ვგულისხმობ; მე ვხედავ ამის რესურსს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი წმინდა ქართული პროექტია და [ბერკეტი] ჩვენს მხარესაა - ქვეყანას შეუძლია მთავარი როლი ითამაშოს. ეკონომიკის სამინისტროს ამის რესურსიც და „ზურგიც“ აქვს. ვთვლი, რომ თუ დავიწყებთ ხუდონჰესის მშენებლობას ერთი ხელით, მეორე ხელით უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები ENKA-თან. ის თანხა, [$450 მლნ] რომელზედაც საუბარია, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდია. სახელმწიფოს მიერ წარდგენილი პარიზის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი არგუმენტები ლეგიტიმურია - ეს კომპენსაცია რამდენიმე სამინისტროს მრავალწლიანი დაფინანსების ტოლფასია, ამიტომ მოლაპარაკება აუცილებელია...

- ალბათ სამინისტროებს მაშინ უნდა ეფიქრათ რისკებზე, როცა ინვესტორ კომპანიასთან კონტრაქტს ამ ფორმით წყვეტდნენ. თქვენი დაკვირვებით, გრძნობს თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ეკონომიკის სამინისტრო მოქმედი მენეჯმენტი? მარიამ ქვრივიშვილს თუ ეტყობა სიფრთხილე, რომ იგივე შეცდომები არ განმეორდეს?

- სიფრთხილე ნამდვილად იგრძნობა, ისევე როგორც კვალიფიკაცია და კომპეტენცია... ხაზგასმით უნდა აღვნიშნო: იმ შეცდომების აღიარება, რაც დაშვებულ იქნა, ძალიან გულწრფელად მოხდა. 2025 წლის თებერვალში, როდესაც პირველად შევხვდით მინისტრს, მისი მხრიდან ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება წამოვიდა. მან თქვა: „მესმის, რომ GREDA-ს ბორდი მესაუბრებით, მაგრამ უკვე დროა, სექტორის წარმომადგენლებს პირისპირ დაველაპარაკო“. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო.

- რამდენიმე კვირის წინ, მარიამ ქვრივიშვილმა ერთ-ერთ მედიასთან აღნიშნა: „მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ამ პროექტს დააბრუნებს“. თქვენი ნათქვამიც თითქოს ამ განწყობის გამოძახილია... GREDA-ს მიერ ორგანიზებულ ბოლო შეხვედრაზე უფრო კონკრეტულად ხომ არ გითხრათ, რა გეგმა აქვს „ნამახვანჰესის“ პროექტთთან მიმართებით?

- არა. ამ შეხვედრაზე ყველაზე მთავარი ეკონომიკის სამინისტრო სტრატეგიის მოსმენა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები