მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად უსაფრთხოა მეტროთი გადაადგილება?- გიორგი ბაბუნაშვილის პასუხი

ბაბუნაშვილი

„მთლიანობაში რთულია 100%-იანი გარანტიით ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტზე თქმა, რომ არასოდეს არაფერი მოხდება“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ურბანული ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა, გიორგი ბაბუნაშვილმა BM.GE-სთან თბილისის მეტროპოლიტენზე საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ის პროცედურები, რაც მეტროპოლიტენში ხორციელდება, ტექნიკური შემოწმების კუთხით, იძლევა იმის საფუძველს, რომ დილით, როდესაც მეტროს კარი იღება, ის ტექნიკურად გამართულია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე საათში მწყობრიდან გამოვიდეს.

„ის პროცედურები, რაც ხორციელდება მეტროპოლიტენში, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ დილის 6 საათზე, როდესაც მეტროს კარი იღება, მგზავრებს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ხვდებათ. მთელი ღამის განმავლობაში, მეტროპოლიტენის გვირაბებში რეგულარული ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, მატარებლების სადგომშიც, დეპოებში.

ვაგონი ხაზში არ გამოვა, თუ მან ტექნიკური დათვალიერება არ გაიარა და დისპეტჩერი ბრძანებას არ გასცემს, რომ დაიწყოს 6 საათზე მეტროში მოძრაობა, თუ ყველა გვირაბი არ იქნა შემოწმებული. თუმცა, ტექნიკა არის ტექნიკა. შესაძლოა დილას შემოწმებული ტექნიკას, რამდენიმე საათში რაღაც მოუვიდეს, გამოვიდეს მწყობრიდან. ანუ ამისგან არავინაა დაცული. ეს მხოლოდ თბილისის მეტროში არ ხდება. მაგალითად, ტოკიოს მეტროშიც კი შეიძლება მოხდეს. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისის მეტროპოლიტენი არის საკმაოდ ძველი იმ მხრივ, რომ გახსნის დროიდან კაპიტალური რეაბილიტაცია მის სისტემებს არ შეხებია და სწორედ ახლა ხდება ეტაპობრივად. ეს იქნება ვენტილაციის სისტემა, კაბელების სისტემა და ა.შ. ",- აცხადებს ბაბუნაშვილი.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ, მთლიანად მეტროპოლიტენის საჭიროებებია შესწავლილი, რაზედაც ბიუჯეტი ნახევარი მილიარდი ევროთი განისაზღვრა. შესაბამისად, ასეთი სამუშაოების ერთბაშად განხორციელება ქვეყნისთვის გამოწვევაა და საჭიროა პრიორიტეტების მიხედვით შესრულება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები