2023 წლის ციფრული მზაობის ინდექსში საქართველო 134 ქვეყანას შორის 78–ე ადგილს იკავებს. შედარებით ძლიერი მხარე – 66–ე პოზიცია – მმართველობაა, მაგრამ გავლენის კომპონენტში საქართველო – 134 ქვეყანას შორის 98–ე ადგილზეა. ტექნოლოგიების და ადამიანების კომპონენტებშიც საქართველოს აქვს პოტენციალი ინდექსში უკეთესი პოზიციები აჩვენოს. რაც შეეხება საქართველოს პოზიციებს, სხვადასხვა ქვე–კომპონენტის მიხედვით – ნათლად ჩანს, რომ ციფრული მზაობის კუთხით, ყველაზე ძლიერი მხარე ადამიანები, ინდივიდები და ბიზნესებია.
რა როლი უკავია დღეს სახელმწიფოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ქვეყანაში ციფრული მზაობის კუთხით და როგორ უნდა განვითარდეს სტარტაპ ეკოსისტემა ქვეყანაში სახელმწიფოსა და ვენჩურული ფონდების ჩართულობით - ამ თემებზე BUS Dev-ის თანადამფუძნებელმა დავით ჩეჩელაშვილმა BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა.
მისი შეფასებით, საქართველოში ბოლო წლებში ციფრული განვითარების კუთხით პროგრესი შესამჩნევია, რაშიც აქტიური როლი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიუძღვის. დავით ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაში ფინანსების ინვესტირებით GITA მათ ერთგვარ სტიმულირებას უწყობს ხელს, თუმცა ქართულ სტარტაპებს ამ სტიმულირების პროცესისგან თავის დასაღწევად გარღვევა სჭირდებათ, რომელსაც ერთი დიდი, გლობალური სტარტაპის გამოჩენა შეძლებს.
- GITA არ წარმოადგენს კერძო სექტორს. ის სახელმწიფო სექტორის ნაწილია. ასევე ამ პროცესში ჩართული არიან კომერციული ბანკები, რომლებიც ყველაზე მაღალ რისკიანი სექტორის, სტარტაპების განვითარებას უწყობენ ხელს. ჰყავს თუ არა საქართველოს გამორჩეული ვენჩურული ფონდები? ან ინტერესდებიან თუ არა ქართული სტარტაპ ეკოსისტემით უცხოური ვენჩურული ფონდები?
დიახ, ავანგარდში GITA დგას და როდესაც ბიზნესი მზად არ არის, მთავრობა ცდილობს, ამ ყველაფერს ერთგვარი Kick Start გაუკეთოს. 2015 წლიდან დღემდე საერთო ფონი აშკარად შეცვლილია. გარდა ამისა, საქართველოში ორი უცხოური ვენჩურული ფონდია, ერთ-ერთი მათგანი არის "500 საქართველო", რომელსაც აქსელერატორიც აქვს მიბმული და მან ინვესტიცია უკვე 45-50 სტარტაპში გააკეთა და თითოეულ სტარტაპში დაახლოებით 100-150 000 დოლარის ოდენობის თანხა ჩადო. ასევე, არის "აქსელი", რომელსაც თანხა 50-მდე სტარტაპში აქვს ჩადებული, თუმცა ინვესტიციის მოცულობა ნაკლებია.
თუ ვენჩურული ფონდების მოზიდვა გვინდა, ორიენტირება მხოლოდ საქართველოზე არ უნდა გავაკეთოთ. იმ შემთხვევაში მოვა მეტი ფონდი, როცა ჩვენ რეგიონული ცენტრი გავხდებით, სწორედ ამას ვცდილობთ ახლა. სტარტაპს არ აქვს ეროვნება, ის გლობალურია, ზუსტად ამაშია ხიბლი, ამიტომ იზრდებიან სტარტაპები და არ უყურებენ ერთ ბაზარს.
- ე.წ. Kick Start როდემდე შეიძლება გაგრძელდეს? რა დრო შეიძლება დასჭირდეს ბიზნესების ამ ტიპის სტიმულირებას?
სანამ არ გამოჩნდება დიდი სტარტაპი, მანამდე მთავრობას მათ განვითარებაში მსგავსი როლის თამაში დასჭირდება. ბიზნესს სხვა რისკის პროფილი ახასიათებს, თუ ინვესტორი ხედავს, რომ სტარტაპით ფულის გაკეთება შესაძლებელია, მაშინ ვენჩურული ფონდიც აქტიურდება.
- GITA-ს ვებგვერდს რომ შევხედოთ, რიცხვებია მართლაც შთამბეჭდავია - 641 სტარტაპი, ჯამური ბენეფიციარების რიცხვი, რომელიც 56 000-ს აჭარბებს - რამდენად იზომება ამ ყველაფრის ხარჯეფექტიანობა?
ამ შემთხვევაში GITA ვენჩურული ფონდი გამოდის, რადგან სხვა დაფინანსების წყაროები არ გვაქვს, ის ამ როლს თამაშობს. ვენჩურული ფონდის ინვესტირების მექანიზმი კი ასე მუშაობს - დაახლოებით 100 სტარტაპი რომ ავიღოთ, ფონდი თითოეულში 100 000 დოლარს დებს, მერე კი იცის, რომ ამ 100 სტარტაპიდან 90 მოკვდება, დანარჩენი 10-დან კი 5-6 გახდება ჩვეულებრივი, 50-60-მილიონიანი კომპანია, თავის ფულს დააბრუნებს და მცირე მოგებაც დარჩება, თუმცა 3-4 კომპანია დიდი გახდება. ერთიც რომ გახდეს, ძალიან კარგია, 100-200-ჯერ დააბრუნებს იმ თანხებს - ასე მუშაობს ვენჩურული ფონდის მათემატიკა. ანუ, საკმარისია ერთმა ან ორმა კომპანიამ მაინც გაამართლოს, რომელშიც GITA-მ ფული ჩადო და ის ფინანსები ამოღებული იქნება და ჩაითვლება, რომ ინვესტირება ეფექტიანი იყო.
- ვენჩურული ფონდების შემთხვევაში ეს მათი ფულია, GITA-ს შემთხვევაში კი ეს გადასახადების გადამხდელის ფულიცაა, რომელიც Kick Start-ის პერიოდში შეიძლება დაიკარგოს...
ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოგება იქნება, როცა ერთი ან ორ სტარტაპი დიდი გახდება, ეს მომენტი ყველაფერს შეცვლის, ეს ფონდი არანაირ წაგებაზე არ წავა. GITA-სთვის კიდევ ისიც მნიშვნელოვანია, რომ უცხოური ვენჩურული ფონდები შემოიყვანოს, ამიტომ იწყებს ამ საქმეს და როცა წარმატების მაგალითები ცხადი გახდება იმდენად დიდი ეფექტი ექნება, რომ კითხვები აღარ გაჩნდება.