ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დღეისთვის სოფლად 1298 ექიმი და 1558 ექთანი მუშაობს, რომელთა ხელფასებიც მიმდინარე წელს უკვე გაიზარდა. ამის შესახებ გიორგი პატარიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე აუდიტის ანგარიშის მოსმენისას განაცხადა.
აუდიტმა ჯანდაცვის აუდიტი წარადგინა, რომლის თანახმადაც "სოფლის ექიმების" საქმიანობის ეფექტიანი მონიტორინგის მიზნით, უნდა განახორციელოს პროგრამის შედეგებისა და სოფლის ექიმების საქმიანობის შეფასება წინასწარ შერჩეული რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინდიკატორების გამოყენებით. ამასთან, სოფლის ექიმების მოტივაციის ამაღლებისა და დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულების სტიმულირების მიზნით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის სრულად ამოქმედებამდე, უნდა შემუშავდეს "სოფლის ექიმების" ანაზღაურების სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება წინასწარ განსაზღვრულ რაოდენობრივ და ხარისხობრივ ინდიკატორებზე და სხვა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი პატარიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ არსებულ რეკომენდაციებს ეთანხმებიან და ამ კუთხით მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.
“დღეის მდგომარეობით, სოფლად 1298 ექიმი და 1558 ექთანი მუშაობს, რომელთა ხელფასებიც წელს უკვე გაიზარდა. შარშან, ექიმების ხელფასი 1250 ლარი იყო და წელს უკვე გვაქვს, 1350 ლარი. ანუ, მატება ცალსახად სახეზეა. ექთნების შემთხვევაში, 1018 ლარი იყო და წელს უკვე, 1118 ლარი გვაქვს ფაქტობრივი მაჩვენებელი.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულება და სოფლად ექიმის არსებობა, მათი კვალიფიკაცია. ამ საკითხზე ვმუშაობთ და პრაქტიკულად მუშა პროცესში გვაქვს ინდიკატორები, იგივე შეფასების კრიტერიუმების ნაწილში და არა მხოლოდ, რომ იყოს ფაქტობრივი ხელფასები. უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ გეგმას ამ მიმართულებით და ეს იქნება მიმდინარე წელს. სამივე რეკომენდაციას ვეთანხმებით. მატება ხელფასების უკვე სახეზეა და მიმდინარეა და ჩვენ მზად ვართ, რომ მეტი შედეგი დავდოთ და მეტად ვიმუშაოთ ამ პროცესების გამოსასწორებლად”, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.