მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ფერმაა საჭირო ბაზარზე ნედლი რძის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად

5ed51421617e2
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.20 21:23
1697
იმისთვის, რომ მომავალში ნედლი რძის ბაზარზე არსებული მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნას 55 წარმატებული ფერმის ამოქმედებაა საჭირო - ამის შესახებ საქართველოს რძის ბიზნესის ანალიზშია ნათქვამი. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, 55 წარმატებული ფერმა 3 300 ადამიანს დაასაქმებს, რომელთაც მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევები მოეთხოვებათ.

ანალიზის მიხედვით, მოთხოვნა ნედლ რძეზე წლიდან წლამდე მატულობს, მაგალითისთვის ევროკავშირში სულადობრივი მოხმარების მაჩვენებელი 82%-ით უფრო მაღალია ვიდრე საქართველოში და წელიწადში სულზე 325 კილოგრამს შეადგენს. საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 178 კილოგრამია. სხვა თანაბარ პირობებში, ევროკავშირის სულადობრივ მოხმარებასთან მიახლოებისთვის, საქართველომ დამატებით 545 მლნ ლიტრი ნედლი რძე უნდა აწარმოოს.

„გავითვალისწინოთ რომ ამჟამად, მაღალპროდუქტიული ჯიშის პირუტყვის საშუალო წველადობა საქართველოში წელიწადში 7,500-10,000 ლიტრის ფარგლებში მერყეობს. გამოდის რომ, საქართველოს განვითარების და ევროკავშირის ამჟამინდელ დონესთან წამოწევის გზაზე, (545 მლნ ლიტრი ხარისხიანი ნედლი რძის საწარმოებლად) დამატებით 55,000-73,000 სული მაღალპროდუქტიული ჯიშის პირუტყვი დასჭირდება.

თუ ჩავთვლით რომ მოსახლეობის რაოდენობაც გაიზრდება, ხსენებულზე უფრო მეტი პირუტყვიც იქნება საჭირო. აღნიშნული რაოდენობის დამატებითი პირუტყვი, ნიშნავს დღეისათვის საქართველოში ყველაზე წარმატებული მერძეული ფერმის მსგავს 55 ახალ ფერმას, რაც კი თავის მხრივ 3,300 ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს“, - ნათქვამია ანალიზში.

ამასთან, საქართველოში უვნებელისა და მაღალხარისხიანი ნედლი რძის ფასი მაღალია, რაც პროფესიონალი ფერმერული მეურნეობების სეგმენტის ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, თუმცა ამგვარი რძის საქართველოში წარმოების ასევე მაღალი თვითღირებულება ზემოთ ხსენებულ პოტენციალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„იმისათვის რომ რძის პროდუქტების მოხმარება გაიზარდოს ქართული რძით და არა იმპორტის ზრდით, ადგილობრივი საწარმოო ჯაჭვის კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს.
იმედისმომცემია, რომ პრობლემების გადაჭრის მხრივ, სამთავრობო დონეზე საწარმოო ჯაჭვის წევრებთან ინტენსიური მუშაობა დაწყებულია. უკვე რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რძის მწარმოებელთა ასოციაციასა და საწარმოო ჯაჭვის სხვა წევრებს შორის, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, არსებული სირთულეების გადაჭრის გზების ძიება მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ანალიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები