თამამად შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპი ყველაზე არასტანდარტული პრეზიდენტია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ოდესმე ჰყოლია. მის თავისებურებას ბევრი რამ განაპირობებს, მათ შორის მილიარდერის სტატუსი, მარტივი რიტორიკა და გაბედული, მოულოდნელი ნაბიჯები, რომელსაც ის ყველა მიმართულებით დგამს. სწორედ ასეთი ნაბიჯების ჩამონათვალში ხვდება ტრამპკოინის შექმნა — კრიპტოვალუტის, რომელიც არჩეულმა პრეზიდენტმა ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე გამოუშვა.
დონალდ ტრამპის კრიპტოვალუტა სოლანას ბლოკჩეინზე დაილისტა, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულია, განსაკუთრებით ეთერიუმის ერთგვარი დაღმასვლის ფონზე. თავდაპირველად, ბაზარზე 200 მილიონი ტოკენი გავიდა, როცა ემისიის 80%, ანუ 800 მილიონი მონეტა ჯერაც დონალდ ტრამპთან დაკავშირებული კომპანიების საკუთრებაში რჩება. ეს კრიპტოვალუტა სამი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად მოხვდება, რაც ვალუტის მყისიერი გაუფასურების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.
კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ დონალდ ტრამპმა სამყაროს X-ის და Truth Social-ის საშუალებით შეატყობინა, სადაც ასევე მითითებული იყო, რომ ეს კრიპტოვალუტა ე.წ. “მიმკოინების” კატეგორიას მიეკუთვნება, რაც ნიშნავს, რომ ამ ვალუტას არანაირი ფუნდამენტური ღირებულება არ აქვს. ამასთან, ამ ვალუტის მერყეობა ძალიან მაღალია, ფუნდამენტური რეპუტაცია კი, არც ისე. ასეთი ტიპის ვალუტებს ან აქციებს კიდევ ერთი თავისებურება გამოარჩევს - ისინი განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტების მიმართ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მიმართულებით.
როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი და მისი გუნდი აცნობიერებენ იმ რისკს, რომელიც ამ ტიპის კრიპტოვალუტის გამოშვებასთან არის დაკავშირებული, რადგან ისტორიას არაერთხელ უნახავს ცნობილი ადამიანის მიერ შექმნილი ვალუტა, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ სრულად გაუფასურდა, რამაც ბევრი ადამიანი მნიშვნელოვნად აზარალა. აი, სწორედ ამაზე მიგვანიშნებს ის განცხადება, რომელსაც ტრამპკოინის ვებგვერდზე რამდენიმეჯერ ვხვდებით.
“ტრამპის მიმები გამიზნულია, როგორც $TRUMP-ის სიმბოლოსთან დაკავშირებულ იდეალებთან და იდეებთან ურთიერთობის და მისი მხარდაჭერის გამოხატულება, ხოლო პროექტთან დაკავშირებული ნამუშევრები არ უნდა იქნეს აღქმული და არც გამოყენებული, როგორც საინვესტიციო შესაძლებლობა, საინვესტიციო შეთანხმება ან ნებისმიერი ტიპის ფასიანი ქაღალდი. GetTrumpMemes.com არ არის პოლიტიკური პროექტი, რომელსაც არაფერი აკავშირებს არც ერთ პოლიტიკურ კამპანიასთან, პოლიტიკურ ოფისთან ან სამთავრობო სააგენტოსთან”, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომლითაც დონალდ ტრამპი და მასთან დაკავშირებული უწყებები მოქალაქეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღებაზე უარს ამბობენ.
დონალდ ტრამპი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია პლანეტაზე, რომლის სოციალურ ქსელებს მილიონობით ადამიანი ადევნებს, შესაბამისად ტრამპკოინი მომენტალურად იქცა პლანეტის ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტად. თავდაპირველად, კრიპტოვალუტა $0.18 ღირდა, მაგრამ რამდენიმე საათში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვალუტა BINANCE-ზე დაილისტა, ტრამპკოინი $74.59-მდე გაძვირდა, რაც ნიშნავს, რომ გამოშვების შემდეგ, ვალუტის ფასი თითქმის 41,500%-ით გაძვირდა.
მას შემდეგ, კრიპტოვალუტის ფასმა იკლო, რაც სამი რეალური ფაქტორით აიხსნება.
[1] ახალი კრიპტოვალუტის, მელანიაკოინის გამოშვებაა, რომელიც ამავე იდეის მატარებელი ვალუტაა, რომელიც დონალდ ტრამპის მეუღლემ, მელანია ტრამპმა გამოუშვა.
[2] კრიპტოვალუტის ფასის კლება BINANCE-ზე და სხვა ბირჟებზე დალისტვას დაემთხვა, რადგან ადამიანებმა, რომელთაც ვალუტა იაფად იყიდეს, პოზიციების დახურვა, ანუ ლიკვიდაცია გადაწყვიტეს.
[3] მკვეთრი ვოლატილობა, ანუ დროის მოკლე მონაკვეთში ფასის სწრაფი ცვლილება ის ერთ-ერთი თვისებაა, რომელიც “მიმკოინებისთვისაა” დამახასიათებელი. თანაც, ამ ტიპის ვალუტებს უმეტესწილად ფინანსური პეკულაციისთვის იყენებენ, რადგან ის ეფუძნება არა კონკრეტულ ხელმოსაჭიდ ღირებულებას, არამედ კონკრეტულ პერსონას და სოციალურ მედიაში მის აქტივობას.
ამჟამად, ერთი მონეტა $51.7-ად ივაჭრება, ანუ ვალუტის სრული კაპიტალიზაცია, იგივე FDV $51.67 მილიარდია და ამ მაჩვენებლით, ტრამპკოინი მსოფლიოში მე-19 ადგილს იკავებს. ამასთან, განსაკუთრებით მაღალია ტრამპკოინით ვაჭრობის მაჩვენებელი, რომელიც გასულ 24 საათში $47.65 მილიარდს შეადგენს, რაც ბაზარზე არსებული ვალუტის კაპიტალიზაციას თითქმის 4.5-ჯერ აღემატება. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს კრიპტოვალუტის ვოლატილობაზე და სპეკულაციურ ბუნებაზე, რადგან მისი ხელიდან ხელში გადასვლის სიჩქარე ძალიან მაღალია.
კრიპტოვალუტის მკვეთრი გაძვირება ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ქონებამ რამდენიმე დღეში $41 მილიარდით იმატა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მის საკუთრებაში არსებულ მონეტებს დონალდ ტრამპი სამი წლის განმავლობაში ვერ გაყიდის, ეს მაჩვენებელი ქონების პირდაპირ გაზრდად არ უნდა მივიჩნიოთ, რადგან საქმე არამატერიალიზებულ მოგებასთან გვაქვს. ამერიკული Bloomberg-ის დათვლებით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ქონება $7.2 მილიარდია.




























