მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ჰესის მშენებლობა იგეგმება ფინანსური მხარდაჭერის მოქმედი მექანიზმით? - პროექტები

61cdc75661924
დავით ჯალაღონია
03.01.22 10:25
1763
საქართველოში განახლებადი ენერგიების პროექტების მხარდაჭერისთვის მთავრობამ 2020 წელს დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვით, გაყიდულ ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე ინვესტორმა სახელმწიფოსგან შეიძლება მაქსიმუმ 1.5 ცენტი მიიღოს, მხოლოდ 5.5-ცენტიანი ზედა ზღვარის ფარგლებში. მაგალითად, დროის კონკრეტულ მონაკვეთში ელექტროენერგიის ფასი ბაზარზე 1 ცენტი თუ იქნება, სახელმწიფო ელექტროსადგურს 1.5 ცენტზე მეტად მაინც არ დაეხმარება, 5-ცენტიან ელექტროენერგიაზე კი ინვესტორი მხოლოდ 0.5 ცენტს მიიღებს.

ეს სქემა (Feed-in-premium) მას შემდეგ შემუშავდა, რაც მთავრობა ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ინვესტორებს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს აღარ უფორმებს.

BMG დაინტერესდა, რამდენად მოთხოვნადია ზემოთ აღნიშნული მხარდაჭერის მექანიზმი ინვესტორებისთვის, ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს შემდეგი კითხვებით მიმართა: რამდენი და რომელი პროექტების ინვესტორებს აქვთ გაფორმებული მთავრობასთან მემორანდუმი/ხელშეკრულება, განახლებადი ენერგიების მხარდამჭერი მექანიზნით სარგებლობის გათვალისწინებით? განვითარების რა ეტაპზე არის ეს პროექტები და რომელ წლებშია მათი ექსპლოატაციაში შესვლა დაგეგმილი? რა არის მათი დადგმული სიმძლავრე და საინვესტიციო ღირებულება?

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმის ფარგლებში, სხვადასხვა ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და შემდგომ მშენებლობის მიზნით სახელმწიფოსთან 6 მემორანდუმია გაფორმებული. მათი ჯამური დადგმული სიმძლავრეა 67.22 მეგავატი, საინვესტიციო ღირებულება - 86 მილიონ 577 ათასი აშშ დოლარი.



"გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული პროექტები არის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე, რომელიც მოიცავს ერთ ფაზას. აქედან გამომდინარე, არ არის გაწერილი მათი ექსპლუატაციაში მიღების თარიღი", - განუმარტეს BMG-ს ეკონომიკის სამინისტროში.

სამინისტროს ოფიციალური მონაცემებისგან განსხვავებით, თავად ამ უწყების ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ უფრო მასშტაბური მონაცემები გააჟღერა. ნათია თურნავას ინფორმაციით, 2021 წელს 40-მდე ახალი მემორანდუმი გაფორმდა ელექტროსადგურების კვლევაზე, შესწავლასა და მშენებლობაზე, თუმცა არ დაუკონკრეტებია, აპირებენ თუ არა ამ პროექტების ინვესტორები Feed-in-premium სქემით სარგებლობას.

"მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც ენერგეტიკულ სექტორს ჰქონდა, 2021 წელი იყო საკმაოდ წარმატებული მცირე და საშუალო ზომის ენერგეტიკული პროექტებითვის. 40-მდე ახალი მემორანდუმი გაფორმდა უკვე კვლევაზე, შესწავლასა და მშენებლობაზე. 500 ათასი მეგავატი დადგმული სიმძლავრის ქართული გენერაციის ობიექტების შესწავლა დაიწყო ქართველი ინვესტორების მიერ, ესენია როგორც ჰიდრო, ისე ქარი და მზე", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ერთია ეს რიცხვები, მეორე კი კერძო სექტორის შეფასებები ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივებთან დაკავშირებით. ჰესების, მზისა და ქარის სადგურების განვითარებით დაინტერესებული დეველოპერები განმარტავენ, რომ ამ მექანიზმით პროექტების დაწყება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ამიტომ განახლებადი ენერგიების ასოციაციამ მთავრობას საკუთარი ხედვა უკვე გააცნო.

როგორც ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი BMG-სთან ინტერვიუში აცხადებს, საჭიროა ინვესტორებს ჰქონდეთ გარანტია, რომ ფინანსურ დახმარებას ჰიდროსადგურები ზაფხულის თვეებში მიიღებენ და ამასთან, დეველოპერები გასაყიდი ელექტროენერგიის ფასის ქვედა ზღვარის დაწესებასაც ითხოვენ, რომ თუ ზაფხულში დენის ფასი ძალიან დაბალი იქნება, სახელმწიფომ მათ გარკვეული თანხა გარანტირებულად გადაუხადოს.

ამ შეთავაზებაზე ასოციაცია ეკონომიკის სამინისტროსგან ჯერ კიდევ პასუხის მოლოდინშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები