საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილის განცხადებით, ამტვერებადი მასალების მოპყრობასთან მიმართებით, ყველაზე მეტი კანონდარღვევა რეგიონებში ტრანსპორტირებისას ფიქსირდება. ამის შესახებ მან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსიების კომიტეტის სხდომაზე, რეგიონებში მონიტორინგისას გამოვლენილი დარღვევების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, დოკუმენტი 2023-2025 წლების სტატისტიკას მოიცავს და ასახავს როგორც გამოვლენილ დარღვევებს, ისე პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებს.
მისივე ინფორმაციით, ანგარიშში თავმოყრილია ბათუმის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მონაცემები, რომელიც ერთი მხრივ, კონკრეტული მუხლებით გამოვლენილ სამართალდარღვევებსა და მათზე რეაგირების სტატისტიკას, ხოლო მეორე მხრივ - იმ პრობლემებს, რომლებიც აღსრულების პროცესში იკვეთება და დამატებით სამართლებრივ დაზუსტებას საჭიროებს.
“მუხლი 152 პრიმა 5-ის ფარგლებში, რომელიც ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებას ეხება, 2023 წელს 3 დაჯარიმების ფაქტი დაფიქსირდა - 1 ბათუმში და 2 ფოთში. 2024 წელს კი, მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა, ასევე ფოთში.
რაც შეეხება მუხლი 152 პრიმა 6-ს, რომელიც მშენებარე კონსტრუქციისა და ღია სივრცეში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსებას ითვალისწინებს, 2023-2025 წლებში აღნიშნული მუხლით დარღვევა არცერთ მუნიციპალიტეტში არ დაფიქსირებულა”, - აცხადებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე.
მისი ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემთხვევა ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირებას არეგულირებს. ქუთაისში 2023 წელს 60 დაჯარიმება დაფიქსირდა, 2024 წელს - 105, ხოლო 2025 წელს - 59. ბათუმში 2023 წელს 4 შემთხვევა გამოვლინდა. ფოთში 2023 წელს 5, 2024 წელს 20 და 2025 წელს უკვე 63 დაჯარიმების ფაქტი დაფიქსირდა. რუსთავში 2024 წელს 7 შემთხვევა გამოვლინდა, ზუგდიდში კი აღნიშნულ პერიოდში დარღვევა არ გამოვლენილა.
ზურაბ იაშვილის თქმით, აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტები ერთ მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემას ასახელებენ: „მოქმედი კანონმდებლობით ამტვერებადი მასალის დეფინიცია განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, 152 პრიმა 7 მუხლის ეფექტიანი აღსრულებისთვის საჭიროდ მიიჩნევა, რომ ნორმატიულ აქტში განისაზღვროს ამტვერებადი მასალის განმარტება და ჩამონათვალი, რაც გაამარტივებს სამართალდარღვევის კვალიფიკაციასა და აღსრულებას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ანგარიშის მიხედვით, ბეტონმზიდი მანქანიდან გზის სავალ ნაწილზე ბეტონის დაღვრა შედარებით იშვიათად ფიქსირდება. 2023 წელს ქუთაისში - 1, ხოლო 2024 წელს - 6 შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთსა და რუსთავში 2024 წელს თითო-თითო შემთხვევა გამოვლინდა. ბათუმსა და ზუგდიდში ამ მუხლით დაჯარიმების ფაქტი არ გამოვლენილა.
“მუნიციპალიტეტები აღნიშნავენ, რომ ამ მუხლის აღსრულებისას სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც გზაზე დაღვრილი ბეტონის არსებობა დადასტურებულია, თუმცა ფოტო-ვიდეო მტკიცებულების არარსებობის გამო ბრალეული სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია”, - აცხადებს ის.
რაც შეეხება სამშენებლო მოედანზე შეუფუთავი ან არასათანადოდ შეფუთული ამტვერებადი მასალის განთავსებას - 2023-2025 წლებში დარღვევა მხოლოდ ქუთაისში დაფიქსირდა და ისიც 2023 წელს, 2 შემთხვევის სახით.
ზურაბ იაშვილის შეფასებით, წარმოდგენილი მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ სტატისტიკურ სურათთან ერთად, საკანონმდებლო დონეზე გარკვეული დაზუსტებები აუცილებელია, რათა ამტვერებადი მასალების მართვის მიმართულებით კონტროლი უფრო ეფექტიანი გახდეს.




























