2023 წლის 9 თვეში თბილისის მერიამ 2,8 მლნ კვ.მ-ის აშენებაზე გასცა ნებართვა. გასულ წელს კი ეს რიცხვი 3,5 მლნ იყო.
როგორც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ ბოლოთაშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ბოლო წლებში 20%-ით გაიზარდა მოთხოვნა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე.
„გაცემულ ნებართვებთან მიმართებით პიკი იყო შარშან, როცა მშენებლობის ნებართვა 3,5 მლნ კვ.მ-ზე გავეცით. ამ ეტაპზე გვაქვს 9 თვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც გაცემულია 2,8 მლნ-ის. წლიურ ჭრილში ვფიქრობ, დაახლოებით გასული წლის მონაცემებზე გავალთ.
ტენდენციას რომ შევხედოთ, გაზრდილია ინდივიდუალურ ბინათმშენებლობაზე მოთხოვნა. საზოგადოების განვითარებასთან ერთად იმატებს კომფორტულ საცხოვრებელ გარემოზეც ინტერესი. ზრდა ბოლო წლების განმავლობაში 20%-ია.
მზარდი რიცხვი ცუდი არ არის, არც ეკონომიკური და არც ქალაქის განვითარებისთვის, მთავარია რომ განაშენიანება იყოს ქალაქის განვითარებისთვის მართებული.“- განაცხადა ბოლოთაშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის შეფასებით, ქალაქი სწორად ვითარდება. გაცემული ნებართვების გათვალისწინებით მერიაში მოლოდინი აქვთ, რომ 10 წლიან პერსპექტივაში თბილისი უფრო „უსაფრთხო, კომფორტული და ევროპული ქალაქი გახდება.“
ბოლოთაშვილის ინფორმაციით, დახარვეზებული განაცხადების რაოდენობა დაახლოებით 30%-ია.
„დაახლოებით 30%-ია განუხილველად დატოვებული. მიზეზი ბევრნაირია, თუნდაც ის, რომ იმ კონკრეტულ ზონაში არ არის დასაშვები კონკრეტული სახეობის მშენებლობა. დიდ, გამოცდილ კომპანიებს არ უჭირთ ამის გარკვევა, თუმცა ბევრია ისეთიც, ვინც წინასწარ არ ეცნობა რუკას და მაგალითად სურს, რომ სარეკრეაციო ზონაში ააშენოს სახლი.“ - უთხრა BMG-ის ბოლოთაშვილმა.