მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მგზავრი გადაიყვანა საქართველოს რკინიგზამ მეორე კვარტალში? - ზრდა 47%-ია

შტადლერი

საქსტატის ინფორმაციით, II კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 47.4%-ით 569 ათასამდე გაიზარდა. 

ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 560 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.5%-ს შეადგენს და წლიურად 48.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 8.7 ათასი მგზავრი, მათი ოდენობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით შემცირდა. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 61% სომხეთიდან შემოვიდა.

რაც შეეხება ტვირთების ოდენობას, საანგარიშო პერიოდში 3.5 მლნ. ტონა ტვირთია გადატანილი, რაც 8.2%-ით ნაკლებია 2022 წლის შესაბამის პერიოდზე. ამ ტვირთის 10.7% მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 31.2% - საერთაშორისო გადაზიდვაზე, ხოლო 58% - ტრანზიტზე.

II კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 53%-ში გამომგზავნ ქვეყანას რუსეთი წარმოადგენს, 26.7% - აზერბაიჯანი, 3.3% - თურქმენეთი.

საანგარიშო პერიოდში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 20%-ისთვის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენს, 11.5%-ისთვის - სომხეთი, 8.5%-ისთვის კი რუსეთი.

რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, II კვარტალში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 29.6% მოდის ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, 23.6% - ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, ხოლო 14%- საკვები პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.

რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი; ნავთობროდუქტები და ბუნებრივი აირი. ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 70% პროცენტი კი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდის: ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები