ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 24.2 მლრდ აშშ დოლარი (63.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ქვეყნის ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 85.9 პროცენტია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 260.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 320.1 მლნ აშშ დოლარით, ფასის და სხვა ცვლილებების გამო კი შესაბამისად 13.3 და 4.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 77.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი:
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (28.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 38.4 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.3 მლრდ აშშ დოლარი (21.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 29.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 882.9 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.1 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 431.8 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.3 პროცენტი).
ბანკების საგარეო ვალი:
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.7 მლრდ აშშ დოლარი (17.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.9 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (12.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.3 პროცენტი);
ბიზნესების საგარეო ვალი:
კომპანიათაშორისო ვალმა - 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 12.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
ეროვნული ბანკის საგარეო ვალი:
2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 25.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 15.9 მლნ აშშ დოლარით ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 10.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, 2023 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 882.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 462.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)[1], რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.