მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდის შემოსავალი აქვს Yandex Taxi-ს

Yandex ჯგუფი

Yandex-ი რუსული უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საძიებო სისტემას, ტაქსის აპლიკაციას, ელექტრონული კომერციის პლატფორმას და სხვა სერვისებს აერთიანებს.

კომპანიის ტაქსების სისტემა Yandex Go ოპერირებს რუსეთში, ბელარუსში, სომხეთში, საქართველოში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ლიტვაში, სერბეთში, ისრაელში, კოტ’დ იუვარში, ფინეთში, განაში, რუმინეთში, ნორვეგიასა და ბოლივიაში.

Yandex-ი ქვეყნების მიხედვით მიღებულ შემოსავალს ჩაშლილად არ აქვეყნებს, თუმცა კომპანიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ტაქსის სერვისის მთლიანმა შემოსავალმა (მომხმარებელთა მიერ გადახდილმა თანხებმა) 3.7 მილიარდი დოლარით იმატა და მან 12.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. აღნიშნული თანხიდან Yandex-მა საკომისიოს სახით 15% მიიღო, რაც 1.82 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც 2022 წელთან შედარებით $483 მილიონი დოლარით მეტია.

საქართველოში იანდექსის სატრანსპორტო აპლიკაციას შპს “გგ იანდექს ჯორჯია” წარმოადგენს, რომელიც 2017 წელს დაფუძნდა.

ანგარიშის თანახმად, აპლიკაციის შემოსავლის უდიდესი ნაწილი რუსეთისა და დსთ-ის ბაზრებზე გენერირდება.

2024 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ Yandex-ი გაიყიდება, კომპანიის მფლობელი 5 რუსული კომპანიისგან შემდგარი კონსორციუმი გახდება, რომელიც Yandex-ში 5.2 მილიარდ დოლარს გადაიხდის. კომპანიის მომავალ აქციონერთა შორისაა ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი ალექსანდრე ჩაჩავაც, რომელიც LETA Capital-ის დამფუძნებელია.

Yandex-ი ამ დრომდე ნიდერლანდებში რეგისტრირებული Yandex NV-ის მეშვეობით ოპერირებდა, თუმცა კომპანიის შემოსავლის 95% რუსული ბაზრიდან მომდინარეობდა. გარიგების ფარგლებში გაიყიდება ბაზრის სწორედ ეს სეგმენტი, ხოლო გაყოფის შემდეგ Yandex NV-ის საკუთრებაში დარჩება სხვა ქვეყნების სეგმენტები, რომლებიც ჯამურად კომპანიის შემოსავლის 5%-მდე აგენერირებენ. ამასთან, სახელი შეუნარჩუნდება Yandex-ის იმ ნაწილს, რომელიც გაყოფის შემდეგ რუსეთში დარჩება, ხოლო გარიგებიდან 3 თვეში Yandex NV-იმ საკუთარ ბრენდს სახელი უნდა შეუცვალოს და სხვა ბაზრებზე ოპერირება სხვა სახელით გააგრძელოს.

იქიდან გამომდინარე, რომ Yandex-ი რუსეთში ოპერირებდა როგორც ჰოლანდიური კომპანია, ის რუსული კანონმდებლობის მიხედვით “უცხოურ” კომპანიად და უცხოურ ინვესტორად ითვლებოდა, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ რუსეთში მიღებული კანონით კი უცხოელებმა საკუთარი აქტივები რუსებს 50%-იანი ფასდათმობით უნდა მიყიდონ, შესაბამისად დადგინდა Yandex-ის საფასურიც, რომელიც ამჟამად 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირს, თუმცა ამ კანონის მიხედვით, 50%-იანი ფასდაკლებით 5.2 მილიარდ დოლარად 475 მილიარდ რუბლად გაიყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები