საქართველოს მთავრობა სტუდენტთა რაოდენობით ორი უმსხვილესი სახელმწიფო უნივერსიტეტის - თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას განიხილავს, რის შემთხვევაშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქვეყნის ყველაზე დიდი უნივერსიტეტი იქნება.
განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განაცხადებით, უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიღებულია ორივე უნივერსიტეტის რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე. მისი თქმით, გაერთიანებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი კონსულტაციები და სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ განცხადებას ორივე უნივერსიტეტის პროფესურის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.
თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის ბიუჯეტი:
როგორც თსუ-ს, ასევე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ამ დროისთვის გამოქვეყნებული აქვთ სრული 2024 წლის ბიუჯეტის ანგარიშგებები, რომლის მიხედვითაც თსუ-ს შემოსავალი 131.4 მილიონი ლარის, ტექნიკური უნივერსიტეტის შემოსავალი 72.7 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, გაერთიანების შემთხვევაში უნივერსიტეტის ჯამური ფინანსური მაჩვენებლები წლიურად 200 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
თსუ-ს შემოსავლებში პირველ პოზიციას სწავლის საფასურიდან მიღებული შემოსავალი იკავებს, რაც 2024 წელს 76.1 მილიონი ლარით განისაზღვრებოდა, აქედან სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მიღებული საგრანტო და ე.წ. უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოცულობა 15.5 მილიონი ლარი იყო.
ტექნიკურ უნივერსიტეტშიც დაფინანსების მთავარი წყარო სწავლის საფასურიდან მიღებული შემოსავალია, 46.4 მილიონი ლარის ოდენობით, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სტუდენტების გრანტების და ე.წ. უფასო ფაკულტეტების დაფინანსება 14 მილიონ ლარს შეადგენდა.
გარდა უშუალოდ სწავლის საფასურთან დაკავშირებული სახელმწიფო შემოსავლისა, სახელმწიფო უნივერსიტეტები განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტებსაც იღებენ, რაც 2024 წელს თსუ-სთვის 9 მილიონ ლარს შეადგენდა, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის კი 3.4 მილიონი ლარი იყო. საერთაშორისო გრანტები თსუ-სთვის 3.2 მილიონი ლარი, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის კი 1.1 მილიონი ლარი იყო.
ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტიპენდიების სახით თსუ-მა 4 მილიონი ლარი, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კი 2 მილიონი ლარი მიიღო. ასევე ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო კვლევების ხელშეწყობის მიმართულებით ბიუჯეტიდან 7.5 მილიონი ლარი მიიღო.
ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, შტატით 2,050 ადამიანი იყო დასაქმებული, თსუ-ს დოკუმენტში კი დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი არაა. რაც შეეხება შრომის ანაზღაურების ბიუჯეტს, ტექნიკურ უნივერსიტეტში ის 35.9 მილიონი ლარი, თსუ-ში კი 45.3 მილიონი ლარი იყო.
ბიუჯეტის თანახმად, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 2024 წელს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 6.5 მილიონი ლარი დახარჯა, თსუ-მ კი ამ მიმართულებით მხოლოდ 2.9 მილიონი ლარი გამოყო.
რაც შეეხება უნივერსიტეტების აქტივების ღირებულებას, სახელმწიფო უნივერსიტეტების ფინანსურ ანგარიშებში შესაბამისი ინფორმაცია არაა წარმოდგენილი, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ აღნიშნული ობიექტები თბილისის ცენტრში ათასობით კვადრატული მეტრის უძრავ ქონებას ფლობენ, მათი აქტივები რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს აჭარბებს. ამასთან, მთავრობა აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილის რეალიზაციას არ გამორიცხავს. ასევე იგეგმება თბილისსა და რუსთავს შორის საგანმანათლებლო სივრცის მოწყობა, სადაც კონკრეტული ფაკულტეტები უნდა განთავსდეს.
რეორგანიზაცია უნივერსიტეტებში
განათლების მინისტრის გივი მიქანაძის თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანებას მთავრობა რეორგანიზაციის გზით გეგმავს, შესაბამისი რეორგანიზაციის ჩატარების უფლება სამინისტროს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებით ექნება.
"სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, ორი ყველაზე დიდი ფლაგმანი უნივერსიტეტი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდეს რეორგანიზაციის საფუძველზე. პროცესები, რომლებიც კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ წარიმართება შემდეგი თვეების განმავლობაში, უზრუნველყოფს დეტალურად ყველა პროგრამის შესწავლას და იქ, სადაც გვაქვს მსგავსი პროგრამები ამ უნივერსიტეტს შორის, მოხდეს პროგრამების დადარება, ერთიან კომპონენტად შეჯერება, ადამიანური რესურსების მაქსიმალურად დანაწილება ისე, რომ არც ერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა, მათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. მოქმედი პოზიციები შენარჩუნებული იქნება და მას დაემატება წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც შემდგომი თვეების განმავლობაში კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით, ღია საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს.
რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესს, მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილებები იქნება შეტანილი, რეორგანიზაციის შესაძლებლობა გახდება კანონიდან გამომდინარე, მოხდება დროებითი მმართველი ორგანოს საბჭოს შექმნა, რომელიც მინისტრის ბრძანებით შეიქმნება და ამ საბჭოში პარიტეტის დაცვით თანაბარ უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სწორედ ისინი, ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, განახორციელებენ რეორგანიზაციას", - აცხადებს გივი მიქანაძე.



























