განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) გაერთიანების პროცესისთვის საჭირო იქნება დაახლოებით 6-თვიანი რეორგანიზაცია. თუმცა, უკვე 2026-2027 სასწავლო წელს, ეს ორი სასწავლებელი ერთი უნივერსიტეტის ფორმატში იქნება.
მისივე თქმით, მას ერქმევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შესაბამისად, დიპლომებიც ამ უნივერსიტეტის სახელით გაიცემა.
“რეორგანიზაციის პროცესი დაახლოებით ექვსთვიან ვადას მოიცავს. თებერვლის თვე ჩვენ გვჭირდება, როგორც საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, ასევე რეორგანიზაციის მოსამზადებელი ნორმატიული ბაზის შესაქმნელად. ასევე კონკრეტული თანამდებობის პირების განსასაზღვრად, თუ ვინ იქნება რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვინ იქნება მისი მოადგილეების შემსრულებელი, ასევე საბჭოს შემადგენლობაში ვინ შევა. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ამ ორგანომ უნდა მართოს მთელი ეს პროცესები", - აღნიშნა მან.
მისივე მტკიცებით, უნივერსიტეტების გაერთიანება სასწავლო პროცესზე, დიპლომების გაცემაზე, და სტუდენტებზე არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს.
"ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს პროცესი ისე წარიმართოს, რომ არანაირი გვერდითი მოვლენები მას არ ჰქონდეს", - განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება სტუდენტთა მიღებას, მიქანაძის თქმით, "მიუხედავად იმისა, გრაფაში პირველ ეტაპზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცალკე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცალკე ჩაწერილი რომც იყოს, ფაკულტეტების მიხედვით იქნება არჩევა, მაგრამ მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ როდესაც 2026-27 სასწავლო წელი დაიწყება, უკვე ეს ორი უნივერსიტეტი ერთი უნივერსიტეტის ფორმატში გამოვა”.
როგორც მინისტრმა განაცხადა, რეორგანიზაციის პერიოდში, საჭირო იქნება დროებითი მმართველი ორგანოს, საბჭოს ჩამოყალიბება, რომელშიც შესაბამისად, შეირჩევა კონკრეტული პირები ორივე უნივერსიტეტიდან.
“ამავდროულად უნდა ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების დროებით შემსრულებელი აი ამ რეორგანიზაციის პროცესში.
ეს, ამავე პერიოდში ჩვენ უკვე ვგეგმავთ, როგორც გითხარით, ახალი პოზიციების, წამყვანი პროფესორის პოზიციის შემოღებას. თქვენ გახსოვთ, რომ კონცეფციის ფარგლებში ჩვენ ვთქვით, რომ მაღალანაზღაურებადი მიმართულება უნდა გავაჩინოთ კონკრეტული დარგის პროფესორების, რომლებმაც ფაქტობრივად მიმართულებას უნდა უხელმძღვანელონ. შესაბამისად, ამ მოცემულობაში ჩვენ უკვე გვექნება კონკრეტული კრიტერიუმების გაწერა რეორგანიზაციის ფარგლებში და კონკურსების გამოცხადება", - დასძინა მან.




























