მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს KTW ჯგუფს?

62e37e29b77a5
შოთა ტყეშელაშვილი
29.07.22 00:10
5579
საქართველოში ღვინის და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა “კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” 2021 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის გაყიდვებმა გასულ წელს 112.5 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2020 წელთან შედარებით 4 მილიონით მეტი იყო.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ KTW-ს მიერ წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი საექსპორტო მიმართულებაზე არის გათვლილი. ცალკეული მიმართულებების მიხედვით კომპანიის შედეგები ასეთია:

● ამონაგები ექსპორტიდან - 102 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 1.6%;
● ამონაგები ადგილობრივ ბაზარზე საბითუმო და საცალო რეალიზაციიდან - 4.6 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 222%;
● ამონაგები სასტუმრო, სარესტორნო და სხვა დაკავშირებული მომსახურებიდან - 3.8 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 96%;
● ამონაგები ხილის კონსერვების რეალიზაციიდან - 2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 50%.

KTW-ს მოგება-ზარალის ანგარიშგების თანახმად, 2021 წელი კომპანიამ 34 მილიონიანი წმინდა მოგებით დაასრულა.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიას 10-ზე მეტი შვილობილი კომპანია ეკუთვნის, ჯგუფის 100%-იანი წილის მესაკუთრე კი ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძეა.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომპანიის მიერ გასულ წელს ექსპორტირებული საქონლის უდიდესი ნაწილი რუსეთსა და უკრაინაში რეალიზდა. კერძოდ, რუსეთის ბაზრიდან მიღებული შემოსავალი 49.1 მილიონი ლარი იყო, უკრაინის ბაზრიდან კი 45.7 მილიონი ლარი. ჯამურად ამ ორ ქვეყანაზე KTW ჯგუფის შემოსავლის 84% მოდიოდა.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, რეალიზებული საქონლის ჯამური თვითღირებულება 71 მილიონ ლარს შეადგენდა, საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები კი 12 მილიონი ლარი იყო. ამასთანავე, KTW ჯგუფს, 2021 წელს 12.2 მილიონი ლარის საფინანსო ხარჯები ჰქონდა.

KTW ჯუფის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომპანია საქართველოს ყურძნის მოსავლის 8%-ზე მეტის გადამუშავებას ახდენს:

“2020 წელთან შედარებით 2021 წელს საქართველოში ყურძნის წარმოება 18.5%-ით შემცირდა და 243 ათასი ტონა შეადგინა. KTW-მ მოსავლის 8,4 % შეისყიდა, ხოლო დანარჩენი მოცულობა კონკურენტებმა სრულად აითვისეს. მთავრობა წლების განმავლობაში ახდენდა რთველის სუბსიდირებას. ექსპორტისა და შესაბამისად სექტორის შემოსავლების ზრდასთან ერთად სახელმწიფომ დასაწყისში შეამცირა, ხოლო 2019 წელს გააუქმა სუბსიდირება, მაგრამ ვინაიდან COVID-19 პანდემიის პირობებში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა რთველი 2021-ის შეუფერხებლად ჩატარება, ყურძნის მოსავლის დაბინავება და სახელმწიფოს მთავარი ამოცანა ღვინის ინდუსტრიის ბოლო წლების სტაბილური განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნება იყო, სახელმწიფომ მევენახეობისა და მეღვინეობის ხელშეწყობის მიზნით ისევ აამოქმედა ყურძნის ფასის სუბსიდიის პირობა, რამაც ხელი შეუწყო დარგის განვითარებას. KTW ყურძენს საბაზრო ფასად ყიდულობდა 2016-21 წლებში. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე KTW ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი ვენახების გაშენებისა, რაც შეამცირებს ჯგუფის დამოკიდებულებას ყურძნის ფასზე. 2021 წელს KTW ჯგუფმა უკვე აქტიურად გააგრძელა კახეთის რეგიონში საკუთარი ვენახების გაშენების და უკვე არსებულის მოვლის სამუშაოები,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, KTW ჯგუფის აქტივები 364.3 მილიონი ლარია, ჯგუფს აქვს 133.8 მილიონი ლარის გაუნაწილებელი მოგება და 208 მილიონი ლარის მოცულობის სესხები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები