საქართველოს რძის პროდუქტების ბაზარზე მოღვაწე უმსხვილესი ჯგუფი Lactalis-ია, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ფრანგული კორპორაციაა. კომპანია 2016 წლიდან საქართველოს რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "სანტეს" მფლობელია, ადგილობრივ წარმოებასთან ერთად Lactalis-ი დაკავებულია რძის პროდუქტების იმპორტითაც, მათ შორის President-ისა, და Parmalat-ის ბრენდის პროდუქტების იმპორტითა და რეალიზაციით.
ლაქტალის საქართველომ 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს კომპანიის გაყიდვები 45 მილიონი ლარით, 260 მილიონ ლარამდე გაიზარდა. კომპანიის წმინდა მოგებამ კი 9 მილიონი ლარი შეადგინა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება გასულ წელს 162 მილიონ ლარს შეადგენდა, მიწოდების ხარჯები კი 77 მილიონი ლარი იყო, ადმინისტრაციული ხარჯები კი 9.5 მილიონს შეადგენდა.
კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, მიწოდების 77-მილიონიან ხარჯებში პირველ ადგილზეა სუპერმარკეტებისთვის გადახდილი 44.5 მილიონის რიბეითის (რეტრო ბონუსის) ხარჯები, რაც სუპერმარკეტებისთვის მიწოდებულ საქონელზე ფასდაკლებებს და სხვა ოპერაციებს აერთიანებს, რომლებიც კომპანიის ხარჯებს წარმოადგენს. კომპანიის ლოჯისტიკური მომსახურების საფასური კი 12 მილიონი ლარი იყო, მარკეტინგული ხარჯები კი 10 მილიონს შეადგენდა.
ლაქტალისის ფინანსურ ანგარიშში არაა დაკონკრეტებული თუ რა იყოკომპანიის შემოსავალი კონკრეტული სეგმენტებიდან - რძე, კარაქი, ყველი, იოგურტი თუ სხვა კატეგორიის პროდუქცია. ასევე რა იყო კომპანიის შემოსავლებში იმპორტირებული და საქართველოში წარმოებული რძის პროდუქტების თანაფარდობა.