მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს საქართველოში ტექინსპექტირების ოპერატორ “გრინვეის”

61812e26914ff
შოთა ტყეშელაშვილი
02.11.21 18:00
918
საქართველოში ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ამოქმედების პარალელურად, კომპანია “გრინვეი საქართველომ” ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღო 10 წლიანი ლიცენზია ყველა კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების შექმნის და აკრედიტაციის თაობაზე.

“გრინვეიმ” 2020 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სულ 252,000 შემოწმება ჩაატარა, საიდანაც 191,500 შემოწმება - პირველადი, 60,500 შემოწმება კი განმეორებითი იყო. კომპანიამ პირველადი ტესტირებისას ავტომობილების 39% დაახარვეზა.

2020 წელს “გრინვეის” შემოსავალი 1.5 მილიონი ლარით, 10.7 მილიონამდე შემცირდა, თუმცა ფინანსური ანგარიშის თანახმად, ხარჯები კომპანიის შემოსავლებზე მეტი იყო, რის გამოც “გრინვეიმ” გასული წელი 9.56 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.

დოკუმენტის თანახმად, კომპანიის ზარალის ძირითადი მიზეზები ფინანსური და საკურსო ხარჯები იყო. კერძოდ, საკურსო ზარალმა 7.8 მილიონი ლარი შეადგინა, საპროცენტო ხარჯები კი 3.5 მილიონი ლარი იყო. ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯებმა - 2.7 მილიონი ლარი, ადმინისტრაციის და პერსონალის სახელფასო ხარჯმა კი 3.3 მილიონი ლარი შეადგინა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “გრინვეისთვის” ზარალიანი იყო 2019 წელიც, რამაც 3.9 მილიონი ლარი შეადგინა.

“გრინვეის” აქტივები 56.5 მილიონი ლარს შეადგენს, კომპანიის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასესხო ვალდებულებები კი ასევ 56 მილიონი ლარია.

კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია საინვესტიციო ჰოლდინგი “საქართველოს კაპიტალი”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები