“სითი მოლის” მფლობელმა კომპანია “აი ჯი დეველოფმენთ ჯორჯიამ” 2023 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის მთლიანი შემოსავალი 39.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, “აი ჯი დეველოფმენთ ჯორჯიამ” მიღებული შემოსავლიდან 3.6 მილიონი ლარი პირდაპირ საოპერაციო ხარჯებზე მიმართა, 4 მილიონი ლარი საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები იყო, 2.6 მილიონი ლარი კი ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი. ამასთან კომპანიას ჰქონდა 2.1 მილიონი ლარის ფინანსური ხარჯი, სხვა შემოსავალი კი 1 მილიონი ლარი იყო.
შედეგად, “აი ჯი დეველოფმენთ ჯორჯიას” წმინდა მოგებამ პერიოდის განმავლობაში 28.2 მილიონი ლარი შეადგინა.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის მთლიანი აქტივების ღირებულება 358 მილიონ ლარს შეადგენს.
“შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია დაარსდა 2010 წელს და კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროა უძრავი ქონების დეველოპმენტი. კომპანიის მფლობელობაშია სავაჭრო ცენტრები: “სითი მოლი საბურთალო“ და „სითი მოლი გლდანი“ და ასევე ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერი“. მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავს სავაჭრო ცენტრებში საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემას, ქონების მენეჯმენტსა და მოვლა-პატრონობას, ხოლო 2021 წელს დაარსებული შვილობილი კომპანიის, შპს სითი დეველოფმენტის ძირითადი საქმიანობა მოიცავს დეველოპერულ მშენებლობას. აღნიშნული სავაჭრო ცენტრები გამოირჩევა განსაკუთრებული დატვირთულობით, სადაც გვხვდება არაერთი საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდი და ადგილობრივი მწარმოებელი. ჯამში, „სითი მოლი საბურთალო“ და „სითი მოლი გლდანი“ აერთიანებს 300-ზე მეტ მაღაზიას,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.
“აი ჯი დეველოფმენთის” ჯგუფის დამფუძნებელი ბიზნესმენი მინდია საბანაძეა.