მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აფერხებს ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციების მოზიდვას? - ინტერვიუ მინდია საბანაძესთან

IG International

ენერგეტიკა, კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონება, აგრო სექტორი და გადამმუშავებელი მრეწველობა, განათლება - ეს ეკონომიკის ის სფეროებია, რომელშიც საქართველოში მოქმედი, ამერიკაში დაფუძნებული ჰოლდინგური კომპანია IG International-ი ინვესტიციებს დებს და ყოველწლიურად დივერსიცირებულ პორტფელს სულ უფრო მეტად ავითარებს.

საქართველოში IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია გადაცემა #რედაქტ2-ში ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას აფასებს და იმ ფაქტორებს ასახელებს, რომლებიც მსხვილი ინვესტიციების მოზიდვას უშლის ხელს. ბიზნესმენი თვლის, რომ საქართველოს საინვესტიციოდ მიმზიდველია, თუმცა გარკვეული სირთულეები აქაც არის, რაც მსხვილი ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს.

- ბატონო მინდია, თქვენ როგორც ინვესტორი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგში თქვენს ბიზნესს ავითარებთ, როგორ აფასებთ დღეს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და საინვესტიციო მიმზიდველობას?

„მოგებიანობის კუთხით, ჩვენი მსგავსი ბაზრები გაცილებით მაღალმოგებიანია, ვიდრე ევროპის ბაზარი. იქ სტაბილურობა მეტია და მოგებიანობა - ნაკლები; აქ მოგებიანობა უფრო მეტია და სტაბილურობა - ნაკლები, მდგომარეობიდან და რეგიონიდან გამომდინარე. შესაბამისად, როდესაც უცხოელი ინვესტორი საინვესტიციო გარემოს აფასებს, იმ რისკებს ითვალისწინებს, რომელიც ჩვენს მდებარეობას, გარშემო ომებს ახლავს.

როგორც ახლა ვართ, ეს ყველაფერი ამ სიტუაციაში ცოტა სასწაულსაც ჰგავს, რადგან მაინც სტაბილურობა, სიმშვიდე, ეკონომიკური ზრდაა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-იც იზრდება და მთლიანობაში საინვესტიციო გარემო, ვისაც ჩვენი მსგავსი ქვეყანა აინტერესებს, ძალიან კარგია. საქართველო, მიმზიდველი და სტაბილურია ინვესტორებისთვის - გინდ კანონმდებლობით, გინდ გადასახადების კუთხით; სიმშვიდით და სტაბილური განვითარებით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა

- წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 1 მილიარდ 072 მლნ დოლარი შემოვიდა, საიდანაც $613.1 მლნ რეინვესტიციაზე მოდიოდა. [ინტერვიუ ჩაიწერა FDI-ს III კვარტალის შედეგების გამოქვეყნებამდე] თქვენი კავშირებიდან გამომდინარე, რა ინფორმაცია გაქვთ, რა აფერხებს ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციების მოზიდვას?

დამაბრკოლებელი ფაქტორი ის არის, რომ ბაზარია პატარა. თუ დიდ ქალაქებს ავიღებთ, ერთი დიდი ქალაქის მოცულობისაა საქართველო. აქედან გამომდინარე, როდესაც ინვესტორი საზღვრავს, როგორ განვითარდეს და რა გააკეთოს, თუ აქ სხვა ქვეყნებთან მიმართებით თავისუფალი ვაჭრობა არ იქნება, ეს ძალიან ჩაკეტილი ბაზარი იქნება, ასე ვთქვათ კოლბაში ხარ, რაღაც ეტაპამდე მიდიხარ, იზრდები და შემდეგ ვეღარ ვითარდები. ახლა რასაც ჩვენი მთავრობა აკეთებს, რომ იქ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ფორმდება, ჩინეთის, ევროპის მიმართულებით, ეს მდგომარეობას რადიკალურად ცვლის და ეს შემაფერხებელი ფაქტორი რადიკალურად აღმოფხვრილი იქნება.

მეორე საკითხი იაფიანი ფულის წვდომაა, რაც ჩვენთან, შედარებით, უფრო ძვირია. როდესაც ხედავ, რომ დღეს საპროცენტო განაკვეთები ამერიკაშიც მაღალია, რა თქმა უნდა, ბუნებრივად მიგაჩნია, რომ საქართველოშიც მაღალი საპროცენტო განაკვეთია, თუმცა კარგი იქნებოდა ფინანსირების ცოტა დაბალი განაკვეთი რომ არსებობდეს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინვესტორისთვის ასევე კერძო საკუთრების დაცულობაა, რაც დღეს ასეცაა. იყო პერიოდი, როდესაც არაფრის კეთება აღარ გინდოდა და ერთი სული გქონდა შენი აქტივების მონეტიზაცია გაგეკეთებინა და გასულიყავი სადმე სხვაგან. დღეს, თუ აქ ბიზნესს დალაგებულად აკეთებ და ის განცდა გაქვს, რომ შენი ქონება დაცულია და მშვიდად ხარ, ემოციურ დონეზეც აღარ გიჭირს და ცდილობ ბიზნესი განავითარო და რეინვესტიცია გააკეთო. ის ფაქტორიც დადებითად მოქმედებს რომ რეინვესტირებული თანხა მოგების გადასახადიდან თავისუფლდება.

ინვესტორების მხრიდან თუ საქართველოში დიდი ინვესტიციების ჩადება შეფერხებულია, ეს, ალბათ, ისევ რეგიონში არსებული ვითარებით არის განპირობებული. ადამიანურად რომ ავხსნათ, თუ იცი, რომ სადღაც ომია, ეცდები იმ ტერიტორიას მოერიდო და მშვიდ ადგილას დადგე. მაგრამ ის ინვესტორები, ვინც ჩვენს მსგავსს ბაზრებზე არიან ორიენტირებული, სადაც რისკების მიუხედავად, უფრო მაღალი მოგებიანობა აქვთ, მოდიან აქ, რადგან რუკა რომ ავიღოთ, გარშემო ყველგან არასტაბილური მდგომარეობაა. დღეს საქართველოში კი მშვიდობა და სტაბილურობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები