„ბიზნესისადმი ასეთი ლოიალური მთავრობა არ გვყოლია“ - ასე აფასებს მთავრობის მხრიდან ბიზნესისადმი დამოკიდებულებას ბიზნესმენი, IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან შეხვედრაზე სხვა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იცოდა თუ არა ბიზნესმენმა - რატომ ჩანიშნა პრემიერმა შეხვედრა ბიზნესმენებთან, რაზედაც საბანაძემ უპასუხა, რომ განსახილველ საკითხებზე წარმოდგენა არ ჰქონდა. მინდია საბანაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ მის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში "რუსულ კანონზე" არ უსაუბრია. მათ თქვა, რომ განცხადებაში მხოლოდ მთავრობის ლოიალურობაზე საუბრობდა:
- ახდენს თუ არა ზეწოლას თქვენზე ხელისუფლება?
ნამდვილად არა...
- თქვენ გაავრცელეთ "რუსული კანონის მხარდამჭერი განცხადება...
მე კანონს არ შევხებივარ, თუ კარგად დააკვირდით, სხვა რაღაც გავავრცელე მე ვთქვი, რომ ასეთი ლოიალური მთავრობა ბიზნესისადმი არ გვყოლია და ახლაც იგივეს დაგიფიქსირებთ, რადგან სამ პერიოდში მომიწია საქმიანობა, როგორც შევარდნაძის, ისე მიხეილ სააკაშვილის პერიოდებში და ახლა, და ასეთი ბიზნესის მიმართ მთავრობა ასეთი ლოიალური არ ყოფილა..
- უნდა გაიწვიოს თუ არა „რუსული კანონი“ მთავრობამ?
მე პოლიტიკოსი არ ვარ და რამის თქმა გამიჭირდება, გავერკვევით... რუსულ კანონთან დაკავშირებით [ჩემს განცხადებაში] მსგავსი არაფერი მითქვამს.