რაჭაში, შაორის ტბაზე, რეზორტის ტიპის სასტუმრო კომპლექსი ასაშენებლად სავაჭრო ცენტრების მმართველმა კომპანია IG Development-მა ტბის პირველ ზოლში მდებარე 29 693 კვ/მ მიწის ნაკვეთი ელექტრონული აუქციონის წესით ქონების ეროვნული სააგენტოსგან 2022 წელს შეიძინა. პროექტის განვითარებაზეც მისი შვილობილი „სითი დეველოპმენტი“ იზრუნებს. 120-ნომრიანი, ოთხსართულიანი სასტუმროს მშენებლობის დაწყება კი მიმდინარე წლის გაზაფხულიდან იგეგმება.
IG Development-ი ჰოლდინგური კომპანია IG International-ის შვილობილია და მსხვილი ბიზნეს ჯგუფის პორტფელში სტუმარმასპინძლობის მიმართულებით, რაჭის სასტუმრო პირველი პროექტია. რატომ გადაწყვიტა ინვესტორმა ტურიზმის მიმართულებით საქმიანობის განვითარება - #რედაქტ2-ის ამ კითხვას IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ მშობლიურ კუთხეში სასტუმროს პროექტის წამოწყება უფრო სენტიმენტია, თუმცა ინვესტორი იმედოვნებს, რომ პროექტი ბიზნესურადაც წარმატებული იქნება.
„რაჭა უფრო სენტიმენტი და ჰობია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ როგორც ბიზნესი იმუშავებს. შაორზე არსებული სილამაზე საქართველოში არ მეგულება. წარმოშობით რაჭიდან ვართ და ვფიქრობ, სწორედ ამ სენტიმენტებმა გადამაწყვეტინა ამ პროექტის განხორციელება. საკმაოდ დიდ ინვესტიციას ვდებთ. 120-ნომრიანი სასტუმრო, თავისი გადაკიდებული აუზებით, რესტორნებით, რაც ცოტა დიდი სიამოვნებაა. შესაბამისად, ამ ინვესტიციას უფრო სხვაგან ჩავდებდი, რომ არ ყოფილიყო სენტიმენტური ბმა.
მინიმუმ 20 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადებას ვგეგმავთ. ეს ჩვენი პირველი პროექტი იქნება სტუმარმასპინძლობის სექტორში და ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალთან ვთანამშრომლობთ, რათა სასტუმროს კონცეფცია შევიმუშაოთ“, - აღნიშნავს მინდია საბანაძე.
IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე #რედაქტ2-თან საუბრისას ამბობს, რომ პროექტზე ეკონომიკის სამინისტროსთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ.
„ამ პროექტთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან ასაღებია წყალზე აქტივობის ნებართვები და ა.შ. და ამ პროცესის დასრულების შემდეგ უკვე დავიწყებთ მშენებლობას“, - ამბობს საბანაძე.
ინვესტორი იმასაც ამბობს, რომ რაჭაში ტურიზმის სფეროში მათი და სხვა კომპანიების მხრიდან სასტუმრო პროექტების განხორციელება რეგიონში კარგ სინერგიას შექმნის.