7 დეკემბერი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძის ინფორმაციით, დღეს საქართველოში 50 სამგზავრო ავიაკომპანია ოპერირებს.
აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ავიაციის სექტორში დასაქმებულებს პროფესიულ დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ 2023 წელი ქართული სამოქალაქო ავიაციისთვის ისტორიული წელია.
„წლევანდელი წელი კი ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო და კომერციული ავიაციისთვის, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა, ნამდვილად ისტორიულია.
ჩვენ ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ, ბევრი გამოწვევითა თუ გამარჯვებებით, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. მათ შორის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამოქალაქო ავიაციისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა - COVID პანდემია. დღეს უკვე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში გვაქვს პირდაპირი საჰაერო წვდომა 35 ქვეყნის 67 ქალაქის მიმართულებით. საქართველოს ბაზარზე, ამ ეტაპზე, ოპერირებს 50 სამგზავრო ავიაკომპანია, რომელთა მიერ ქართულ ეკონომიკაში შეტანილი წვლილი დიდია“, - ამბობს ირაკლი ქარქაშაძე.