„ბი ენდ ენ ჯგუფის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ დავით კაკაბაძის ინფორმაციით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო მომავალ კვირას ადგილობრივი ბიზნესებისთვის ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის პრეზენტაციას გეგმავს.
ინფორმაციისთვის: „ბი ენდ ენ ჯგუფი“ წყალტუბოში ორ აბაზანას, ბალნეოლოგიურ კურორტ Park Resort Tskaltubo-ს, რესტორან „მაგნოლიას“ და სხვა აქტივებს ფლობს. დავით კაკაბაძის თქმით, ჯამში, წაყლტუბოში 20-22 მლნ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
„გენგეგმას მოჰყვება სწორი განვითარება. ჩვენ როგორც ლოკალურ ბიზნესს მიგვაჩნია, რომ წყალტუბო დღემდე ჩვენ მოვიტანეთ, მაგრამ მისი სწორად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია განაშენიანების გენერალური გეგმა, რათა არ მივიღოთ გუდაური ან ქობულეთი და ა.შ.“ - განაცხადა დავით კაკაბაძემ „რედაქტ2“-თან ინტერვიუში.
BM.ge-მ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გასხვისებული და გასაყიდი სანატორიუმების სია გამოითხოვა. როგორც ირკვევა, ამ დროისთვის სულ გასხვისებულია 7 სანატორიუმი, ხოლო გასაყიდია - 15.
აღსანიშნია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 2019 წელს წყალტუბოს აღორძინება დაანონსა და განაცხადა, რომ მზად იყო, ყველა სასტუმრო და სანატორიუმი გამოესყიდა, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არცერთი აქტივი არ გაუყიდია; უფრო პირიქით მოხდა - 2021 წლის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ მილიონერ თამაზ სომხიშვილთან დაკავშირებული სს „ბალნეოსერვისისგან“ 8 მლნ დოლარად გამოისყიდა 6 აბანო და უძრავ-მოძრავი ქონება. აქტივების მფლობელი დღეს სახელმწიფო კომპანია „წყალტუბოს თერმული წყლებია“.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სანატორიუმები:
1. "სამგურალი"
2. "მეგობრობა"
3. "გეოლოგი"
4. "იმერეთი"
5. "გელათი"
6. "თბილისი"
7. "რკინიგზელი"
8. "აია"
9. "ფილიალი"
10. უშიშროება
11. "წყალტუბო"
12. "მედეა"
13. "სავანე"
14. სასტუმრო "წყალტუბო"
15. "სინათლე".
გასხვისებული სანატორიუმები:
1. სანატორიუმი "ივერია"
2. სანატორიუმი "მეშახტე"
3. სანატორიუმი "ცისკარი"
4. სანატორიუმი "მეტალურგი"
5. სანატორიუმი "საქართველო"
6. სამხედრო სანატორიუმი
7. სანატორიუმი "რიონი".