სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის 9 თვის განმავლობაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად პრივატიზებულია 141 ერთეული არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო დანიშნულების მიწა (უძრავი ქონება), რომელთა ჯამურმა საპრივატიზებო თანხამ 131 ლარი შეადგინა.
აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ ქონების ეროვნული სააგენტოდან ოფიციალურად გამოითხოვა. პრივატიზებული უძრავი ქონების ჯამური ფართობი 535 565 კვ/მ-ია.
რაც შეეხება საინვესტიციო ვალდებულებებს, როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, ინვესტიციის საორიენტაციო მოცულობა 47 907 450 ლარი და 800 მლნ აშშ დოლარია.
როგორც bm.ge-მ სააგენტოში დააზუსტა, $800 მლნ-ის საინვესტიციო ვალდებულების შემთხვევაში საუბარია ENKA-ს $800 მილიონიან ინვესტიციაზე, რადგან სწორედ „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიას გადაეცა რიონის ხეობაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობები.
შეგახსენებთ: კომპანია ENKA-მ სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამჟამად საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.
ENKA-ს მიერ პროექტიდან გასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ENKA-მ ჰესის მშენებლობა შეაჩერა, რადგანაც მასზე მორატორიუმი გამოცხადდა.




























