აქ რამდენიმე მოწყვლად ჯგუფზეა საუბარი, რომელთაც სხვადასხვა ტიპის კომპენსაციები ექნებათ. ამაზე ვმუშაობთ, პრაქტიკულად ეს ყველაფერი დამუშავებულია, უბრალოდ ბოლო შეთანხმებებია დარჩენილი და ამასაც რამდენიმე დღეში გაიგებთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „რუსთავი 2“–ის ეთერში უმუშევრად დარჩენილების ფულადი დახმარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რამდენი ლარი იქნება ზუსტად კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილების საკომპენსაციო პაკეტი, ჯერ უცნობია.
„კონკრეტულად 150 ლარი თუ 200 ლარი, ეს არ არის გადამწყვეტი, სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს ექნებათ სხვადასხვა საკომპენსაციო პაკეტი, ერთი მხრივ რამდენად არის ეს ჯგუფი დაზარალებული და მეორე მხრივ, რამდენად არის ჩვენი რესურსები ამისთვის სამყოფი. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ... არის ბევრი და სხვადასხვა კომპონენტიანი პაკეტი, მალევე გაცხადდება და იქ გაიგებთ ციფრებს. ჯერ კიდევ ზუსტდება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, მოხდება იმ ადამიანების კომპენსაცია, რომლებმაც დაკარგეს სამსახური.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში. არის შესაბამისი მონაცემთა ბაზა, სადაც არის სია და რეესტრი დასაქმებულების და ამის ანალიზის საფუძველზე მოხდება პირდაპირი დახმარების გაკეთება.. ანალიზი გაკეთდება და გამოცხადდება ის პერიოდი, ის თანხა, ის მიზნობრივი ჯგუფი, ვისზეც ეს კომპენსაცია შედგება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ დღეს საგანგებო პრეს-კონფერენციაზე IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელშიც ქვეყანაში უმუშევრებისთვის 150-ლარიანი კომპენსაციის გადახდაზე არის საუბარი, “ტექნიკური შეცდომა” უწოდა და თქვა, რომ მსგავს გეგმაზე მთავრობა ერთ თვეზე მეტი ხნის წინ მუშაობდა, ხოლო რეალურად ის სოციალური დახმარების პროგრამა, რასაც მთავრობა წარადგენს, კრიზისის დროს უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებისთვის საარსებო მინიმუმზე ნაკლებ კომპენსაციას არ ითვალისწინებს.
ამასთან, გიორგი გახარია ამბობს, რომ მსგავსი დახმარების პროგრამის შექმნა ტექნიკურად საკმაოდ რთულია, რადგანაც მას იმ მონაცემთა ბაზების შეკრება სჭირდება თუ ვინ დაკარგა ამ პერიოდში სამსახური.




























