მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენიმე კომერციულ ობიექტზე მშენებლობის ნებართვები არასწორად იყო გაცემული - კობახიძე თელავის სტიქიაზე

კობახიძე

თელავში მომხდარი სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. კობახიძემ მადლობა გადაუხადა სტიქიის ლიკვიდაციის პროცესში ჩართულ უწყებებს და აღნიშნა, რომ რამდენიმე ობიექტზე გაცემულმა არასწორმა ნებართვამ პრობლემა გაამძაფრა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსგავსი ბუნებრივი მოვლენებისგან მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული როგორც თელავი, ისე ქვეყნის ყველა სხვა ქალაქი.

„რაც შეეხება სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლას, მე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩართულ უწყებას. ძალიან აქტიურად იყო ჩართული გუშინდელი დღიდან ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შსს, სამაშველო სამსახური სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში და სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურ ვადებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან და რა თქმა უნდა, სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება.

რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული, მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები დაადგენენ. არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა. ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული მომავალში ასეთი ტიპის მოვლენებისგან“ , - განაცხადა კობახიძემ.

პრესკონფერენციაზე TV პირველის მიერ დასმულ კითხვაზე, იგეგმება თუ არა ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ეს პროცესი ყველა რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს.

„არა მარტო იგეგმება, აქტიურად გრძელდება ეს პროცესი აბსოლუტურად ყველა რეგიონში. ეს არის პროცესი, რომელიც ძალიან აქტიურად წარიმართება განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში და ამის თაობაზე სტატისტიკასაც მუდმივად ვუზიარებთ საზოგადოებას“.

2026 წლის 12 ივლისს, გამთენიისას თელავში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თელავისთვის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე - 40.1 მმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები