მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რამდენიმე კომპანია პროფილის შეცვლაზე ფიქრობს“ - ფეროშენადნობების ბაზარზე უპრეცედენტო კრიზისია

646d09b20f5ef
ალა ისპირიანი
23.05.23 23:00
1238
ფეროშენადნობების ბაზარზე უპრეცედენტო კრიზისია. აპრილში ექსპორტის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა. საექსპორტო ბაზრებზე მხოლოდ $2.5 მლნ-ის ფეროშენადნობი გავიდა, მაშინ როდესაც იანვარში ექსპორტი 50 მლნ-ს აღემატებოდა, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. ექსპორტის კლებაზე გავლენას რუსეთის ბაზრის დახურვა და ფეროშენადნობების ფასების ვარდნა ახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ თებერვლიდან რუსეთმა ქართველ მწარმოებლებს საბაჟო გადასახადი დაუწესა და ამით ბაზარი ფაქტობრივად დაუხურა, წელს 4 თვეში მთავარ ბაზრად მაინც რუსეთი რჩება - $45 მლნ-ით, მეორე ადგილზეა თურქეთი 18 მლნ, ხოლო მესამეზე აშშ, სადაც წელს 9 მილიონის პროდუქციაა გატანილი.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი შემცირდა. ამ პერიოდში ქვეყნიდან სხვადასხვა მიმართულებით 84 მილიონ 400 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც 56.8%-ით ნაკლებია 2022 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

საქართველოს ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნუგზარ კევლიშვილის ინფორმაციით, სექტორისთვის ასეთი მძიმე დრო არასდროს ყოფილა.

„14 თვეა ფასის კლება მიმდინარეობს და ეს პროცესი ფაქტობრივად შეუჩერებელია. გვეგონა გაზაფხულზე, სამშენებლო სეზონზე რაღაც შეიცვლებოდა, იმედი გვქონდა თურქეთი დაზარალებული რეგიონების აღდგენას დაიწყებდა და ქართული ფერო-სილიკონ-მანგანუმი საჭირო იქნებოდა - ეს პროცესებიც შეჩერებულია, თურქეთში არჩევნებია და ალბათ ამ არჩევნების დასრულებაზე ბევრია დამოკიდებული. მაგრამ თურქეთი ამის საშველი არ არის, რადგან ფერო-სილიკონ-მანგანუმის გაყიდვა შესაძლებელია უბრალოდ საწარმოები მარტივი მიზეზის გამო არ იხსნებიან - ფასის თვითღირებულება იმდენად მაღალია და პროდუქციის ფასი იმდენად დაბალი, რომ წელიწადზე მეტი წაგებაზე ვერ ვიმუშავებთ.

ომია - ევროპის ერთ-ერთ დიდ ქვეყანაში საომარი მოქმედებებია და ამის გამო ყველა დიდი პროექტი ფაქტობრივად შეჩერებულია, ფიზიკურად მოთხოვნა არ არის. ამას ეკონომიკური კრიზისიც დაემატა და მოთხოვნა დაეცა აშშ-ში, აზიაში, ჩინეთში, იაპონიაშიც და ყველა სხვა იმ ქვეყნებში, სადაც ფერო-სილიკონ-მანგანუმის მოხმარებაა.

რამდენიმე კომპანია პროფილის შეცვლაზე ფიქრობს - ანუ სხვა რამე ფეროშენადნობის გამოშვებაზე, რომელზეც ახლა მოთხოვნა უფრო არის, თუმცა ესეც საკმაოდ დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. კომპანიებს, რომლებსაც გარკვეული ვალდებულებები აქვთ ბაკში დამატებით ინვესტიციის მოზიდვა დიდი რისკია“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები