მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენიმე კომპანიამ ფეროშენადნობების წარმოება გააჩერა - მიზეზი

63c1652b919aa
ელენე გოგბერაშვილი
15.01.23 11:13
6193
საქართველოში ფეროშენადნობების მწარმოებელი ქარხნების ნაწილი დროებით დაიხურა. მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე ფასის რეკორდული ვარდნაა. ფეროშენადნობების ბაზარზე 2016 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე ნეგატიური ტრენდი ფიქსირდება. 2022 წლის ნოემბერში, ექსპორტზე მხოლოდ 7.1 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, რაც 2016 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შედეგად საქართველოში მოქმედმა მცირე მწარმოებლებმა საქმიანობა შეაჩერეს და თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

ბიზნესი ამბობს, რომ ევროპაში ენერგომატარებლების დეფიციტმა მეტალურგიული ქარხნების გაჩერება ან წარმოების შემცირება გამოიწვია, შესაბამისად, გაჩნდა ჭარბი სილიკონმანგანუმი, რის გამოც ფასი მასზე თითქმის 60%-ით შემცირდა.

დარგობრივი ასოციაცია bm.ge-სთან ამბობს, რომ ასეთი ნეგატიური ტრენდი სექტორში აქამდე არ ყოფილა. განსაკუთრებით პრობლემები მცირე მწარმოებლებს შეექმნათ, რომელთა ნაწილმა დროებით წარმოება გააჩერა, თანამშრომლები კი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

„დარგი არის უმძიმეს მდგომარეობაში. ასეთ მდგომარეობაში პრაქტიკულად არასდროს ყოფილა, შარშანდელი თებერვლის თვიდან დაწყებული უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ჯერ მცირე პანიკა გამოიწვია ბაზარზე, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია და შემდეგ ამას მოჰყვა ფასების დაღმასვლა.

საწარმოებს პრობლემები შეექმნათ, შედარებით მცირე საწარმოებს, რომლებიც დაბალ მოცულობებს აწარმოებენ. ესენი არიან საწარმოები, სადაც 50-დან 150 ადამიანამდეა დასაქმებული. 6 კომპანიამდე ვიცით, რომელიც გაჩერებულია, ნაწილმა სიმძლავრეები შეამცირა, ნაწილმა ღუმელები გამორთო. ანუ ტენდენცია ისეთია, რომ მიდის გადარჩენისთვის ბრძოლა“,-ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი ნუგზარ კევლიშვილი.

2022 წლის ნოემბერში, საქართველოდან ექსპორტზე მხოლოდ 7.1 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა. $3.4 მლნ რუსეთზე მოდის, $1.8 მლნ თურქეთზე. მთლიანობაში 2022 წლის 11 თვე ფეროშენადნობების მწარმოებლებისთვის კარგი იყო. ძირითადად პირველი კვარტლის შედეგებიდან გამომდინარე, რადგან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ ბაზარზე პანიკა და ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა. გასული წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 454.8 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, რითაც ის საექსპორტო კალათაში მესამე ადგილზეა. ექსპორტის ნახევარზე მეტი - 51% აშშ-ზე მოდის.

ფეროშენადნობების ინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში სილიკონმანგანუმზე მოთხოვნა მცირედით გაიზარდა თურქეთის ბაზარზე. ამერიკის შემდეგ სწორედ თურქეთია ის ბაზარი, რომელზეც ქართველო მწარმოებლები იმედებს ამყარებენ, რადგან მთავარ საექსპორტო ბაზრებს ფაქტობრივად გამოეთიშა რუსეთი. 23 იანვრიდან ძალაში შედის ქართულ ფეროშენადნობებზე საბაჟო გადასახადი, რაც ბიზნესის თქმით, ამ ბაზარზე ქართულ პროდუქტს კონკურენტუნარიანობას სრულად უკარგავს.

„ოდნავ შეიმჩნევა, რომ მოთხოვნა გაიზარდა და შესაბამისად უკვე ვემზადებით, რომ საწარმო ექსპლოატაციაში ჩავუშვათ. ამ წუთში ფასი არის დაახლოებით 1200 დოლარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გასაყიდი ფასია. ქართველი მწარმოებლები ძირითადად ყიდიან 1 150-1 160 დოლარის ფარგლებში, გააჩნია ვის რა კონტრაქტი აქვს. მაგრამ ეს არ არის მწარმოებლებისთვის მისაღები ფასი, რადგან თვითღირებულება ამაზე მეტი უჯდებათ საწარმოების უმეტესობას. დაახლოებით 10-15-20%-ით მეტი უნდა იყოს ფასი, რომ უშუალოდ წარმოებებმა დაიწყოს ფუნქციონირება“,-აცხადებს სულხან ხვედელიძე.

დარგს იმედი აქვს, რომ გაზაფხულიდან ბაზარზე არსებული ტრენდი შეიცვლება და მეტალის პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად გაიზრდება მოთხოვნა სილიკონმანგანუმზეც. მანამდე მცირე მწარმოებლების ნაწილი დროებით დახურულ რეჟიმში ან განახევრებული წარმოების პირობებში რჩებიან. დარგობრივი ასოციაციის ცნობით, უხელფასო შვებულებაში რჩება საწარმოებში დასაქმებული რამდენიმე ასეული ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები