ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო შექმნილი გაურკვევლობის ფონზე საქართველოში საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორები პროექტებს აჩერებენ. ბიზნესი ამბობს, რომ ინვესტორები დაკვირვების რეჟიმში არიან და ახალი პროექტების დაწყება გაურკვეველი ვადით გადაიდო.
გაურკვევლობაში არიან არამხოლოდ საერთაშორისო, არამედ ადგილობრივი ინვესტორებიც. იურიდიული ფირმა BLC-ის მმართველი პარტნიორის ქეთი ქვარცხავას ინფორმაციით, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ღირებულების პროექტები გაჩერდა, თუმცა არის ისეთი პროექტებიც, რომლის საქართველოში განხორციელებაზეც ინვესტორებმა საერთოდ უარი თქვეს.
„ადგილობრივი ინვესტორები პრაქტიკულად ცდილობენ ფული არ დახარჯონ. ისინი აღიქვამენ, რომ შეიძლება რყევები იყოს ქვეყანაში, რა შემთხვევაშიც მათ დასჭირდებათ სარეზერვო რესურსები. აქედან გამომდინარე მათთვის რთულია, ახალი ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად ძალიან ბევრი თავს იკავებს როგორც რეინვესტირებისგან, ასევე ახალი წამოწყებებისგან.
რაც შეეხება უცხოელ ინვესტორებს, ისინი ცხადია უყურებენ სიტუაციას და ეს სიტუაცია არ ჩანს ლამაზად უცხოეთიდან. საქართველომ გარკვეულწილად კურსი შეიცვალა, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს გარედან.
იყო მსხვილი პროექტები, საშუალოც, რომელიც იგეგმებოდა და რომელიც შეჩერებულია. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის სამუდამოდ შეჩერებული ან გაუქმებული, თუმცა რაღაც პროექტები არის გაუქმებული.
იყო ძალიან მსხვილი, ათობით მილიონი დოლარის ღირებულების პროექტები რამდენიმე რეგიონში, რომელიც სამწუხაროდ, გაჩერდა. არის პროექტები, რომელიც ჯერ კიდევ დაპაუზების ფაზაშია.
რეპუტაციის აღდგენას სწორი პროცესების დაწყება სჭირდება და სწორი პროცესები ჯერ ქვეყანაში დაწყებული არ არის. აქედან გამომდინარე ძალიან რთულია საუბარი იმაზე, რამდენ ხანში შეიძლება მოხდეს რეპუტაციის აღდგენა იმ პროცესში, რომელიც ჯერ არც ჩანს“,-აცხადებს bm.ge-სთან ქეთი ქვარცხავა.