საქართველოს საპენსიო სააგენტომ 2020 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. ამჟამად საპენსიო სისტემაში 1,145,808 ადამიანი მონაწილეობს. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომელთა ასაკიც სისტემის ამოქმედებისთვის 40 წელს აღემატებოდა, სისტემიდან გასვლა შეეძლოთ. საპენსიო სააგენტოს ანგარიშში საუბარია სწორედ ამ ადამიანების რაოდენობის შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, 2019-2020 წლებში საპენსიო ფონდი ჯამში 169,151 ადამიანმა დატოვა. მათ შორის 165,570 ადამიანი სისტემიდან 2019 წელს გავიდა. ამ მოქალაქეთა სისტემიდან გასვლის გამო, დასაქმებულებისთვის, დამსაქმებლებისთვის და სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნებული თანხის მოცულობამ ჯამში 58,245,000 ლარი შეადგინა.
დღეისთვის საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობა 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 150 მილიონი ლარი მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელია.




























