მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამე არის, რაც "გატორმუზებთ", რომ მოქალაქეებმა ასეთ კატასტროფულ თანხად არ იყიდონ წამალი? - ნინო წილოსანი GM Pharma-ს

ნინო წილოსანი

"რამე არის, რაც გატორმუზებთ, რომ მოქალაქეებმა ასეთ კატასტროფულ თანხად არ იყიდონ წამალი?" - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს, გოჩა გოგილაშვილს პარლამენტის კომისიის სხდომაზე, სადაც ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობდა.

წილოსანმა ყურადღება გაამახვილა კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ 2024 წელს კომპანიის შემოსავალმა, დაახლოებით, 185 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც წმინდა მოგება 60 მილიონ ლარამდე იყო. მისი შეფასებით, ეს მაჩვენებლები განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში მედიკამენტების ფასები ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დონეზეა.

“თქვენ ყიდდით ისეთ ფასებად მედიკამენტებს, რომლითაც ადამიანებს არ შეეძლოთ წამალი გადარჩენისთვის ეყიდათ - გადადიოდნენ თურქეთში და იქიდან შემოჰქონდათ წამლები, იმიტომ, რომ ადგილზე თქვენ ყველა ვინც აქ ხართ, წარმოუდგენლად დიდი ფასნამატით ყიდდით წამლებს”, - თქვა მან.

მისივე ინფორმაციით, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, კომპანიებმა შეძლეს ფასების შემცირება და საქმიანობის გაგრძელება: “ჯდება თუ არა ეს ბიზნესის რაიმე ეთიკაში, როდესაც შეგიძლიათ, რომ გქონდეთ ადამიანური და ნორმალური მოგება და ამ პირობებში, 60, 30 თუ რა პროცენტიც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ამ პროცენტების ხარჯზე მოქალაქეებს უწევთ კოლოსალური თანხები გადაიხადონ მედიკამენტებში”, - აღნიშნა წილოსანმა.

მან ასევე დასვა კითხვა, რა მექანიზმები ზღუდავს კომპანიებს, რომ მედიკამენტებზე არ დაწესდეს გადაჭარბებული, მათ შორის 200%-იანი მარჟა და რატომ ვერ უზრუნველყოფს ბაზარი მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომ ფასებს, მაშინ როდესაც მედიკამენტები აუცილებელი პროდუქტია და არა ფუფუნების საგანი.

“თქვენ შეგიძლიათ, რომ წამალზე დააწესოთ 200%-იანი მოგებაც - ამაში აქამდე თავისუფლები იყავით სანამ რაღაც წამლებზე რეფერენტული ფასები დადგინდებოდა. რამე არის, რაც "გატორმუზებთ", რომ მოქალაქეებმა ასეთ კატასტროფულ თანხად არ იყიდონ წამალი, რომელიც არის მათი ჯანმრთელობის და გადარჩენის წინა პირობა? ხომ არსებობს რაღაც ბიზნეს ეთიკა? ხომ არ არის ფუფუნების საგანი? - ეს არის არსებობისთვის აუცილებელი წინა პირობა. რა ეთიკით და სტანდარტით მოქმედებთ, როდესაც ფასები წამლებზე აქ არის თითქმის დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირი?”, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს.

წილოსანი, ასევე, ეჭვს გამოთქვამს, ხომ არ არსებობს შესაძლო გარიგება ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის.

„მინდა, ამიხსნათ, სად არის პაციენტის გადაზღვევის საშუალებები. ერთი ის, რომ რეფერენტულ ფასებამდე თქვენ იღებდით გაცილებით დიდ მოგებას და ოდნავადაც არ შეჰქმნია არცერთ მწარმოებელს თუ სააფთიაქო ქსელს დისკომფორტი, რომ ამით მომხმარებელს და ჩვენს მოქალაქეებს ვაზიანებდით და მეორე, მე მაინტერესებს, როგორ მუშაობს ეს ქსელი, რომელიც თქვენ გაქვთ შექმნილი. ხართ თუ არა გარიგებული ექიმებთან, ექიმები ნიშნავენ თუ არა სპეციალურად იმ წამლებს, ამისთვის იღებენ თუ არა კონკრეტულ შემოსავლებს, აქვთ თუ არა ბონუსები, თქვენი წარმოებული წამლები რა ფასნამატით მიდის და იყიდება სააფთიაქო ქსელებში“, - მიმართა ნინო წილოსანმა კომპანიას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები