მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას აჩვენებს ჩინელი და ინდოელი ტურისტების დანახარჯების ანალიზი? – Galt & Taggart-ის რჩევები

ტურისტები

Galt & Taggart-ის სექტორის უფროსის განცხადებით, 2024 წელს საქართველოში ტურიზმის აღდგენა ძირითადად ახალი აზიური ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების ზრდამ განაპირობა. ამის შესახებ თათია მამრიკიშვილმა BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ საუბრისას განაცხადა.

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის ტურიზმის სექტორის მიმოხილვის მიხედვით, ეკონომიკის ზრდაში 2024 წელს შიდა და საერთაშორისო ტურიზმს ერთობლიობაში 14%-იანი წილი ეკავა. აქედან გამომდინარე, „ანალიტიკას“ წამყვანის კითხვაზე - რომელი ქვეყნები ახდენენ ტურიზმის 14%-იანი წილის ფორმირებაზე გავლენას, Galt & Taggart-ის სექტორის უფროსმა თათია მამრიკიშვილმა უპასუხა:

„საქართველოში ტურისტების რაოდენობა 5.1 მლნ იყო, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელს სრულად დაუბრუნდა. ტურიზმის აღდგენის დინამიკა, რომ გავაანალიზეთ, ეს ძირითადად ახალი აზიური ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების ზრდით იყო გამოწვეული. 2024 წელს ზრდის მთავარი კონტრიბუტორები იყვნენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, შორეული აზიიდან - ჩინეთი და ინდოეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან კი ყაზახეთი“.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩამოსულ ტურისტებთან დარგის წარმომადგენლებს მუშაობის ნაკლები გამოცდილება აქვთ, საინვესტიციო ბანკის სპეციალისტებმა მათი დანახარჯების ანალიზი გააკეთეს და თითოეული მიმართულების სპეციფიკა გამოკვეთეს. ამასთან, სექტორის უფროსმა აღნიშნა, რომ მათ ბიზნესისთვის ინდოელ და ჩინელ ტურისტებთან თანამშრომლობის გარკვეული რეკომენდაციებიც შეიმუშავეს.

„შევისწავლეთ ამ ქვეყნების პროფილი უცხოური ბარათების ტრანზაქციების ანალიზის საფუძველზე. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ინდოელი ტურისტების ძირითადი ნაწილი შედარებით დაბალბიუჯეტური სეგმენტია და მათი ტრანზაქციები კონცენტრირებული იყო დაბალბიუჯეტურ ტრანზაქციებზე. რადგან ინდოეთის ბაზარი საკმაოდ მასშტაბურია ჩვენი ზომის ქვეყნისთვის და ინფრასტრუქტურის ცვეთის რისკი უფრო დიდია, ვიდრე ამ ქვეყნიდან ეკონომიკური სარგებლის მიღება, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა დაბალმხარჯველი სეგმენტიდან, მაღალმხარჯველ ინდოელ ტურისტზე გადავიდეს. ჩვენი შეთავაზება ბიზნესისთვის ინდოეთთან მუშაობის დროს უფრო ღონისძიებებზე ორიენტირებული ვიზიტების წახალისებაა. მაგალითად, მათთვის პოპულარულია უცხოეთში ქორწილების გადახდა, ან გლობალურად ინდოეთი კორპორაციული ტურიზმის თვალსაზრისით ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ბაზარია და ამ კუთხით მათთან მუშაობა დაბალმხარჯველი ტურისტიდან უფრო მაღალმხარჯველ ტურისტზე გადაგვიყვანდა.

ჩინეთის სეგმენტის გაანალიზებისას, დავინახეთ, რომ მათი ხარჯები უფრო დივერსიფიცირებულია. მათი გადახდების დინამიკაში როგორც ბიუჯეტური ასევე პრემიუმ ბრენდები ფიგურირებენ. თუმცა ჩვენი შეფასებით, ჩინელი ტურისტები, კავკასიის რეგიონში, ძირითადად ჯგუფურად მოძრაობენ. ამას ცხადყოფს ისიც, რომ ჩინელი ტურისტების 31% საქართველოს სახმელეთო გზით ტოვებს და არა საჰაერო გზით. ეს ჩვენი აზრით, კავკასიის რეგიონულ ორგანიზებულ ტურებზე მიუთითებს. ჯგუფური ტიპის მოგზაურობა მათ სასტუმროებთან უფრო დაბალ ფასად მოლაპარაკების საშუალებას აძლევს. სასტუმროებს ჩვენთან ხშირად უთქვამთ, რომ ჩინელი ტურისტები ხშირად 60-70 დოლარიან ADR-ს [ნომერში განთავსების საშუალო ღირებულება] ითხოვენ, რაც სასტუმროებისთვის საკმაოდ დაბალია. ამ პროფილის გათვალისწინებით ჩვენ სექტორს სხვადასხვა ტიპის სტრატეგიები შევთავაზეთ - როგორ შეიძლება იმუშაოს ჩინეთთან, ინდოეთთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, რომელთან ნაკადები სწრაფად იზრდება საქართველოში და ევროპელ ტურისტებთან, რადგან ეს სექტორისთვის ყველაზე სასურველი ტურისტია“, - განმარტა თათია მამრიკიშვილთან.

Galt & Taggart-ის სექტორის უფროსის შეფასებით, აზიური ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ევროპელებს ვერ ჩაანაცვლებს, რადგან მათ განსხვავებული ინტერესები აქვთ. ამიტომ თათია მამრიკიშვილი ყველა მიმართულებით მუშაობის გაძლიერებაზე და მათთვის შესაბამისი სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩემი აზრით, აზიური ბაზრის ტურისტები, ევროპული ქვეყნების ტურისტებს ვერ ჩაანაცვლებს, რადგან ამ მიმართულებებიდან ტურისტების ინტერესები განსხვავდება. გლობალურად ჩინელები ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხარჯველი ტურისტები არიან, თუმცა ჩვენთან შემოსული ტურისტების საშუალო ხარჯი ჩინელი ტურისტების მიერ გლობალურად გაწეულ საშუალო ხარჯს ჩამორჩება. ჩინეთი და ინდოეთი მასშტაბურობის გათვალისწინებით, იმდენად მასიური ბაზრებია, შეიძლება იმ სეგმენტების ნახვა, რომელიც ჩვენ მოგვესადაგება. ამასთან, საქართველოს სჭირდება ევროპელი ტურისტებიც, რადგან მათი ინტერესები სხვა არის და ისინი სექტორს ბევრი კუთხით ავითარებენ. ახალ ბაზრებთანაც გვჭირდება თანამშრომლობა, რადგან ჩვენ ამის ნაწილი ვართ და მათთან გარკვეული სტრატეგიები უნდა შევიმუშაოთ“, - განაცხადა თათია მამრიკიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები