ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა უკვე მეორედ გადადო. სხდომა, რომელიც 11 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 18 ოქტომბერს ჩაინიშნა. ოფიციალური ინფორმაციით, გადადების მიზეზად ორივეჯერ სტატისტიკური მონაცემების მოლოდინი დასახელდა.
Galt&Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე "საქმიან დილაში" ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სტრუქტურაზე საუბრობს:
“ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიზანი ის არის, რომ შეაფასოს საბანკო კუთხით დაკრედიტების დონე როგორ ვითარდება, ხომ არ არის ჭარბი დაკრედიტება, ეს დაკრედიტება ხომ არ იწვევს ფასებზე ზეწოლას, ან კიდევ სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ეროვნული ბანკი აფასებს ამას, აფასებს დაკრედიტების დონეს მთლიანი ეკონომიკის ზომასთან. ასევე აფასებს ეს ტრენდი როგორი უნდა იყოს და ფაქტობრივი მონაცემები როგორ არის გადახრილი ამ ტრენდიდან.
ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას ბანკებს „შემოუჭიროს ქამარი“, ანუ აამოქმედოს კონტრციკლური ბუფერები, და ამით დაკრედიტება შეზღუდოს.
მეორე მიმართულება არის თვითონ დაკრედიტების სტრუქტურაში: არსებობს დაკრედიტება უცხოურ ვალუტაში, ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტება. ხშირად განსაზღვრავს ეროვნული ბანკი, რომ უცხოური ვალუტის დაკრედიტება გარკვეულწილად მოსათოკია გარკვეულ სეგმენტში და ამ კუთხით იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტებს ვადიანობის გაზრდასთან, ან შემცირებასთან დაკავშირებით. შესაძლოა, თავად რეზერვებთან დაკავშირებითაც, შეცვალოს და უცხოურ ვალუტასთან სხვა რეზერვები დააწესოს, ეროვნულ ვალუტაში - სხვა. ამ მიზნით არის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, რომ თვალყური ადევნოს ქვეყანაში ფინანსური განვითარება როგორია და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.




























