მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მყარმა ლარმა დოლარიზაციის მაჩვენებლებზე დადებითი გავლენა იქონია“ - ეკონომისტი

ქავთარაძე

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ს ზრდამ 7,7%, ხოლო წლის პირველ ექვს თვეში 7.6% შეადგინა. საკითხზე, თუ რა შედეგები აქვს ფინანსურ სექტორს წლის პირველ ნახევარში, BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ისაუბრა.

„წინა წლებს თუ შევადარებთ, წლის პირველ ნახევარში საფინანსო სექტორის პორტფელის ზრდის ტემპი შენელებულია, თუმცა - სტაბილური, დაახლოებით, 13-14% გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით. აღსანიშნავია, რომ წინა წლებში კორპორაციული დაკრედიტების ზრდის ტემპიც შენელებული იყო, მიმდინარე წელს კი გამოცოცხლება შეინიშნება. ივნისის თვეში, მაისთან შედარებით, დაახლოებით, 2 პროცენტული პუნქტით, 10-დან 12%-მდე დაჩქარდა. საცალო დაკრედიტება კი წინა პერიოდებში 15%-ით იზრდებოდა, ახლა კი ამ ნიშნულს ჩამოსცდა.

მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე, სტაბილური და ჯანსაღია საბანკო სექტორის განვითარების დინამიკა და ეკონომიკის ზრდაში მისი წვლილი საკმაოდ მაღალია“, - ამბობს ქავთარაძე.

ეკონომისტის შეფასებით, მიმდინარე წელს დოლარიზაციის მაჩვენებლებიც შემცირდა, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაო კვლავ რჩება.

„მყარმა ლარმა დადებითი გავლენა იქონია დოლარიზაციის მაჩვენებელზე. სესხებზე დოლარიზაცია 45%-ის ფარგლებშია, რაც შეეხება დეპოზიტებს, ეს მაჩვენებელი 50,8%-ია, 1997 წლის ბოლო თვეების შემდეგ ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ გვქონია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მაინც გამოწვევად რჩება რადგან დოლარიზაციის მაჩვენებლები კვლავ მაღალია და ამ კუთხით ჯერ ისევ სამუშაო“, - ამბობს ლაშა ქავთარაძე.