საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ევროკავშირში ქართული პროდუქტის ექსპორტი შემცირებულია. EU-ს ბაზარმა ქვეყნის ექსპორტის სრულ წილში მხოლოდ 12% შეადგინა.
BMG-ის კითხვას, რას აკეთებს ხელისუფლება ევროკავშირის ბაზრის ასათვისებლად და ექსპორტის გასაზრდელად, დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უპასუხა. მისი განმარტებით, ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს, რასაც დრო სჭირდება.
“ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტისთვის მთელი რიგი სტანდარტებია დასაკმაყოფილებელი და საქართველო ამას ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დღიდან აკეთებს. ჩვენ ავიღეთ ვალდებულებები და მათ შესრულებას წლები სჭირდება. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ არის კერძო სექტორისთვის, რომ ერთ დღეში დანერგონ სტანდარტები, რომლებიც სრულფასოვან წვდომას მისცემთ ევროკავშირის ბაზარზე. ამავე დროს, ეს დამატებით ინვესტიციებსაც მოითხოვს. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ჩვენ გარკვეულ მექანიზმებსა და ფონდებზე გვექნება წვდომა, რაც გაამარტივებს კერძო სექტორისათვის სტანდარტების დანერგვასა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას”, - ამბობს ლევან დავითაშვილი.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ექსპორტის გასაზრდელად ქვეყანაში წარმოების ზრდაა საჭირო.
“ჩვენი სავაჭრო დეფიციტი ეკონომიკისთვის მთავარ გამოწვევად წლებია რჩება. იმისათვის, რომ ეს აღმოიფხვრას, საქართველოში მეტი საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტი უნდა ვაწარმოოთ, რისთვისაც ცალკეული დარგების განვითარებაა აუცილებელი. ეს იყო სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” იდეაც, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარებულიყო და სახელმწიფოს ამ პროცესის დაჩქარებისთვის შეეწყო ხელი. ქვეყანაში თუ არ გვექნება პროდუქცია, რომელსაც აქვს შანსი, გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან პროგრესზე საუბარი შეუძლებელია”, - აცხადებს დავითაშვილი.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის 11 თვეში საქართველოდან EU-ში 669 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 129 მილიონი დოლარით, ანუ 16%-ით ნაკლებია.
ამავდროულად, საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანას შორის EU-ს წევრი მხოლოდ ერთი ქვეყანა ბულგარეთია, პროდუქციის მთავარი წილი კი დსთ-ის ქვეყნებში გადის.