ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში 13 მარტიდან შემოვა 43 200 ათასი დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა.
როგორც ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თქვა, UNICEF-ის მხრიდან მიღწეულია შეთანხმება, რომ სწორედ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვიდეს დაჩქარებულად და არა მარტის ბოლოს, არამედ ახლავე.
მინისტრის განმარტებით, შემოსული დოზები ვაქცინაციის გეგმის მიხედვით გადანაწილდება. ამას გარდა, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლის დაჩქარებაც მოხდეს.
„ამ ეტაპისთვის „ფაიზერის“ შემოტანის ვადები არ გადახედილა, პირიქით, ვმუშაობთ, რომ დაჩქარებულად მოხდეს ვაქცინის შემოტანა“, - ამბობს მინისტრი. როგორც ცნობილია, საქართველო Pfizer-ის ვაქცინას მარტის ბოლომდე ელოდება.
ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოს გაუთქმელობის ხელშეკრულებებზე აქვს ხელი მოწერილი, თუმცა შეუძლია თქვას, რომ სხვადასხვა მიმწოდებელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„მოლაპარაკებები გვაქვს „ასტრაზენეკას“ სხვადასხვა მწარმოებლებთან, „მოდერნასთან“, „ჯონსონ და ჯონსონთან“. კოვაქს პლატფორმასთანაც გვაქვს მოლაპარაკებები შემდგომი დოზების მოწოდებაზე. კომუნიკაცია გვაქვს ისრაელთან, ორ ვაქცინაზე, ერთი არის „მოდერნა“ და „ფაიზერი“: არის ორი ვარიანტი, შესაძლოა, შეძენა ან დონაცია ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან“, - ამბობს ტიკარაძე.
ჯანდაცის მინისტრის ინფორმაციით, მიდის ასევე მოლაპარაკებები გერმანიასთან, მათ მიერ წარმოებულ ვაქცინასთან დაკავშირებით, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან აწარმოებს მოლაპარაკებას ვაქცინების დამატებითი დოზების შეძენასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, არის ვაქცინები, რომლებმაც შეიძლება გაიაროს ავტორიზაცია, შესაბამისად, საქართველო მათთან წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"საუბარია "სინოფარმის" ვაქცინაზე, რომელზეც ამჟამად წინასწარი მოლაპარაკება გვაქვს და შევუკვეთავთ მცირე დოზას, 100 ათასს, თუმცა, მან ჯერ უნდა გაიაროს აკრედიტაცია", - განაცხადა მინისტრმა.




























