ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ხელისუფლებას ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ორგვარი მიდგომა აქვს - მოკლევადიანი ღონიძიებები და საშუალოვადიანი გეგმები. ლარის კურსის სტაბილურობის გეგმაზე ნათია თურნავამ ეკონომიკის სამინისტროში ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ ისაუბრა.
"მოკლევადიანი ღონისძიებები, რაშიც ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკია ჩართული, ეს სხვადასხვა მასტაბილიზირებელი ინტერვენციებით გამოიხატება;
მეორე - საშუალოვადიანი გეგმაა, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროა ჩართული - ეს არის მეტი ინვესტიციის მოზიდვა ქვეყანაში, რაც უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროა; ეს არის მეტი ადგილობრივი წარმოების განვითარება, მათ შორის ენერგეტიკაში, იმისთვის, რომ იმპორტი შემცირდეს და ჩვენს ბაზარზე ადგილობრივი წარმოება იყოს წარმოდგენილი და შესაბამისად, ვალუტა არ გაედინებოდეს ქვეყნიდან, იქ, სადაც იმპორტის ჩანაცვლება შეიძლება; ეს არის ტურიზმის დროული აღდგენა და აქ ვამბობთ, რომ ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მალე სახმელეთო საზღვრის გახსნა უსაფრთხოდ შევძლოთ, ტურისტები უცხოურ ვალუტას შემოიტანენ, რაც ლარის დასტაბილურებას გამოიწვევს; ასევე ჩვენ პრივატიზების ძალიან დიდი პაკეტი წარვადგინეთ, რაც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საფუძველია“, - განმარტა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, რომ ხელისუფლება ბიზნესთან ამ ნაბიჯების განხორციელებისთვის კოორდინაციაში უნდა იყოს.
„არ გვაქვს სხვა ალტერნატივა, ვალდებულნი ვართ, სწრაფად განვახორციელოთ ყველა აუცილებელი ზომა იმისთვის, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნეგატიურ მოლოდინებს და პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციის კვალობაზე ეროვნულ ვალუტაზე კიდევ ერთი ნეგატიური წნეხი მოიხსნება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.




























