მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას (არ) პასუხობს ზურაბ პოლოლიკაშვილი?

ზურაბ პოლოლიკაშვილი

ირაკლი კობახიძის კომენტარის შემდეგ, რომელმაც იმედი LIVE-ის ეთერში თქვა, რომ UNWTO-ს არჩევნებში ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, BMG-იმ ზურაბ პოლოლიკაშვილს ორი მთავარი კითხვით მიმართა:

1. UNWTO-ს გენმდივნის პოზიციიდან საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სიჩუმის შენარჩუნების ფონზე, რაში გაცვალა 'ოცნებამ' მისი კანდიდატურა? და 2. ხომ არ შეიძლება ეს ყველაფერი რუსეთის თამაშების ნაწილი იყოს, რადგან რუსეთი ორგანიზაციიდან სწორედ მისი გენმდივნობის პერიოდში გაირიცხა?

ზურაბ პოლოლიკაშვილი ამ კითხვებზე პასუხისგან თავს იკავებს, თუმცა გვწერს:

"ჩუმად აკეთებდნენ. ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს. არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის სურვილი თავად არასდროს მქონია".

"ფორმულა"-სთან კომენტირებისას ზურაბ პოლოლიკაშვილის ფორმულირება ოდნავ სხვაგვარია. ის ამბობს, რომ სამ კვირაზე მეტია, რაც ირაკლი კობახიძეს წერს, ურეკავს და ის ემალება:

"გამოვიდეს და თქვას, რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep state-ს და არც გლობალურ ომის პარტიას".

ირაკლი კობახიძემ პასუხი იმედი LIVE-ის ეთერში დააბრუნა:

"აღარ მინდა, შევიდე დეტალებში, რა იყო გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჩვენი ელჩების დაბარება დაიწყეს კონკრეტულმა სახელმწიფოებმა ერთგვარი დემარშით იმასთან დაკავშირებით, რომ მესამედ წარვადგინეთ გაეროს სისტემაში ჩვენი კანდიდატურა. პირველი პრეცედენტია ასეთი, რაც გვითხრეს. გაეროს სისტემაში ორჯერ მეტად არ ხდება ხოლმე ასეთ ხელმძღვანელ პოზიციებზე კანდიდატების არჩევა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ რატომ მესამედ, როცა ამის პრეცედენტი არ ყოფილა და ითვლება, რომ არ არის მაინცდამაინც დემოკრატიული, როდესაც ასეთ პოზიციაზე მესამედ ხდება ერთი და იგივე კანდიდატის წარდგენა. იყო დამატებით სხვა მიზეზებიც, რაშიც არ მინდა, შევიდე".

თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ონლაინგამოცემა The Diplomat-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ, შესაძლოა, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარი არ დაუჭიროს და მის ნაცვლად, არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს მისცეს ხმა. გამოცემა წერდა, რომ ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) დადებული ფარული შეთანხმების ნაწილია.

‘ოცნების’ მთავრობის პრესსამსახურმა სპეკულაცია უწოდა იმ ფაქტს, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა, თუმცა, დაგვიდასტურა, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თავადვე უკან გაიწვია. დაგვიდასტურა ისიც, რომ საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები