მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას არის Patriot-ის სისტემა, რომელსაც ამერიკა უკრაინას გადასცემს?

Patriot

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს. აშშ ომში მყოფ ქვეყანას Patriot-ის მიწა-ჰაერის ტიპის თავდაცვით სისტემებს გადასცემს, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი და მთელი უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, რადგან მთავარი საფრთხე, რომლის წინაშე უკრაინა ომის დაწყების შემდეგ დგას — ჰაერშია.

ამ შემთხვევაში, ამერიკა მხოლოდ იარაღს გამოყოფს, ხოლო ფინანსურ ხარჯებს სრულად ევროკავშირის დაფარავს.

გამოდის, რომ დონალდ ტრამპის ეს გადაწყვეტილება 100%-ით პოლიტიკურია, რომელიც რუსეთისთვის მორიგ გზავნილად უნდა ჩაითვალოს. პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რიტორიკა შეცვალა და რუსეთს ომის დასასრულებლად 50-დღიანი ვადა მისცა. თუკი ვლადიმირ პუტინი ამ დროში უკრაინაში ომს არ დაასრულებს, დონალდ ტრამპი რუსეთის ფედერაციას და მის მოკავშირე ქვეყნებს ამ დრომდე არნახულ სანქციებს დაუწესებს.

მაშ, რად უნდა უკრაინას Patriot-ები? ის მრავალმხრივი თავდაცვითი სისტემაა, რომელიც კონკრეტულად დაბალი სიმაღლიდან მომავალი ბალისტიკური და სარაკეტო თავდასხმებისგან თავის დასაცავად გამოიყენება, მაგრამ ის ასევე ძალიან ეფექტიანია ავიაგამანადგურებლების და დრონების წინააღმდეგ, რაც ბოლო დროს უკრაინისთვის გადაუჭრელ პრობლემად ჩამოყალიბდა. Patriot-ის სისტემა უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან, მათ შორის პუტინის საყვარელი “კინჟალისგან” დაიცავს.

ამასთან, Patriot-ის სისტემა მობილურია, ანუ მისი გადაადგილება შეიძლება, რაც უკრაინის თავდაცვის ძალებს მოქნილობას შესძენს და სამიზნეებზე იერიშების მიტანის ეფექტიანობას გაუზრდის. თავისი არსით, Patriot-ის მიწა-ჰაერის ტიპის თავდაცვითი სისტემა მოსიარულე სარაკეტო ბაზაა, რომელიც ამერიკულმა სამხედრო-ინდუსტრიულმა გიგანტმა, Raytheon-მა, Lockheed Martin-მა და Boeing-მა ჯერ კიდევ 1969 წელს შექმნეს, მაგრამ აქტიურ ომში ის 1981 წლიდან გამოიყენება.

Patriot-ის სისტემა შემდეგნაირად მუშაობს: ჭკვიანი რადარი დასაცავი რადიუსის ფარგლებში არსებულ საფრთხეებს აანალიზებს და თუ ხედავს, რომ ზონაში უცხო სხეული, ამ შემთხვევაში ბალისტიკური ჭურვი ან მსგავსი რამ შემოდის, საპასუხო ჭურვებს ამზადებს და საფრთხეს ჰაერშივე ანადგურებს, სანამ ის დანიშნულების ადგილამდე მივა. სისტემა ფუნქციონირებს, როგორც ავტონომიურად, ანუ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ასევე ადამიანის ჩართულობით.

Patriot-ის მიწა-ჰაერის ტიპის თავდაცვითი სისტემის შექმნა აშშ-ის თავდაცვით დეპარტამენტს დაახლოებით $12 მილიარდი დაუჯდა. სრული სისტემის შემთხვევაში, რაც რვა გამშვებ დანადგარს, რადარს, ბორტკომპიუტერს და დამატებით მოწყობილობებს მოიცავს, მყიდველ სახელმწიფოს დაახლოებით $1.5 მილიარდის გადახდა უწევს, როცა ერთეული ჭურვის ღირებულება $2-10 მილიონის შუალედში მერყეობს. Patriot-ების ძირითად მყიდველებს შორის პოლონეთი, გერმანია, იაპონია და საუდის არაბეთი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები