მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას დაკარგავს მსოფლიო, თუ რუსეთი NATO-ს ომს გამოუცხადებს?

პუტინი / NATO

გლობალურად არსებული დაძაბულობის ფონზე, გეოპოლიტიკურ წრეებში გაჩნდა რიტორიკული კითხვა, თუ რას დაკარგავს მსოფლიო, თუ რუსეთი NATO-ს ომს გამოუცხადებს? დღეს, რუსეთს და ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის წევრებს შორის ომი ნაკლებსავარაუდოა, რადგან უკრაინასთან ბრძოლის ფონზე მეორე ფრონტის გახსნა რუსეთს გაუჭირდება.

თუმცა რუსი მაღალჩინოსნების მიერ ბირთვულ იარაღზე და ბირთვულ ომზე საუბრები მოხშირებულია, მათ შორის ირანის მხარდაჭერის კონტექსტში, ასეთი ომის დაწყების თეორიული ალბათობა ნულის ტოლი არ არის.

რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი, რომელიც, ამჟამად, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს, როგორც ცნობილია, ისრაელის წინააღმდეგ ომში ღიად უჭერს მხარს ირანს. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებაა გაფორმებული, შესაბამისად, ეს უცნაური არ არის, მაგრამ სულ მცირე მოულოდნელი იყო მედვედევის რიტორიკა ატომურ იარაღთან დაკავშირებით. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რამდენიმე ქვეყანა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ირანს ატომური ქობინები მიაწოდოს.

დმიტრი მედვედევის ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის ომის ფილოსოფიაზე საჯაროდ ისაუბრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ნებისმიერი ტერიტორია, სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დადგამს, ავტომატურად რუსეთისაა. ამ შინაარსის წინადადება ლიდერმა უკრაინის კონტექსტში თქვა, რასაც წინ უძღოდა რემარკა, რომ თავად პუტინი და ზოგადად რუსეთი უკრაინას, როგორც სახელმწიფოს არ აღიარებს და მიაჩნია, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერია.

ამ ყველაფრის ფონზე, რუსეთს და დანარჩენ მსოფლიოს შორის შესაძლო ომის დაწყებით ამერიკული გამოცემა Bloomberg-ი დაინტერესდა, რომელმაც მკითხველს საინტერესო ანალიტიკა შესთავაზა. Bloomberg-ის ანალიტიკოსების დათვლებით, თუკი რუსეთი NATO-ს წევრ სახელმწიფოებს ომს გამოუცხადებს, გლობალური ეკონომიკა ომის პირველ წელს 1.3%-ით შემცირდება, ანუ პლანეტიდან $1.5 ტრილიონის დოვლათი გაქრება. ამ მხრივ, გამოცემა გულისხმობს, როგორც ინფრასტრუქტურის განადგურებას, ასევე გაზრდილ ინფლაციას და პანიკას, რომელიც, შესაძლოა, ბაზრებზე შეიქმნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები