ამერიკული ტექ-გიგანტის, Google-ის წინააღმდეგ კიდევ ერთი ანტიმონოპოლიური დავა დაიწყო. ამჯერად, კომპანიას შტატების იუსტიციის დეპარტამენტი უჩივის. სარჩელი კი ალექსანდრიაში, ვირჯინიის შტატის ფედერალურ სასამართლოშია შეტანილი. რაც შეეხება ბრალდებას, როგორც სახელმწიფო ორგანო აცხადებს, კომპანია თავისი სარეკლამო ტექნოლოგიის ბიზნესით ბაზარს ერთპიროვნულად აკონტროლებს და კონკურენტებს პროცესში ჩართვის უფლებას არ აძლევს.
საქმე ეხება Google-ის პლატფორმა Ad Exchange-ს (AdX), რომელიც ვებგვერდებზე რეკლამის განთავსებას კურირებს. ნებისმიერმა დამკვეთმა, რომელსაც საკუთარი რეკლამის მომხმარებლამდე მიტანა სურს, Ad Exchange-ის პლატფორმაზე უნდა წარადგინოს მასალა და ის ფასი, რომლის გადახდისთვისაც არის მზად. ამის შემდეგ, პლატფორმა აუქციონს ატარებს და ირჩევს, თუ რომელიმე კომპანიის პროდუქტი აღმოჩნდება მომხმარებლების ეკრანებზე.
რაც შეეხება პრობლემას, როგორც იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, Google-ი საკუთარ ბრაუზერზე პროცესს ერთპიროვნულად განაგებს. შესაბამისად, მისი გაკონტროლება ვერ ხერხდება და არ არის გამორიცხული, უპირატესობას კონკრეტულ კომპანიებსაც ანიჭებდეს. DOJ-მ ვირჯინიის სასამართლოში სარჩელი სწორედ ამ რისკების გადაზღვევის მიზნით შეიტანა. თუ მოსამართლე მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, Google-ი ვალდებული იქნება, გაყიდოს Ad Exchange პლატფორმა, სარეკლამო აუქციონები კი ღია წყაროთი ხელმისაწვდომი გახადოს.
Google-ში აცხადებენ, რომ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა საჭირო არ არის და, უმჯობესია, იუსტიციის დეპარტამენტმა მეტი ყურადღება ისეთი რეკომენდაციების გაცემაზე გადაიტანოს, რომელიც მათ უკმაყოფილებას ჩააცხრობს.




























