მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ელოდება ქარჩავა მთავრობისგან ანაკლიის პროექტზე - ბიზნესმენის ადოკატი "საქმის კურსში"

5e4ea90269801
ინგა მურუსიძე
20.02.20 19:40
1537
"ანაკლია ეკო პარკი და პორტის კონსორციუმის" (თემურ ქარჩავას ბიზნეს-ჯგუფი) ადვოკატის მიხეილ ბუზარიაშვილის განცხადებით, კომპანია ახლა კონსულტაციებს მართავს და შესაძლოა, საზოგადოებამ ანაკლიის პორტის პროექტში "ახალი სისხლიც" იხილოს.

საქმე იმაშია, რომ ბიზნესმენმა თემურ ქარჩავამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, "ამერიკელ, ბრიტანელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად, კვლავ მზადაა მონაწილეობა მიიღოს პორტის მშენებლობაში", მაგრამ შემდეგი პირობით: თუკი საქართველოს მთავრობის მხრიდან შემოთავაზებული იქნება, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე - ინვესტორისთვის მისაღები პირობები.

თავის მხრივ, ბიზნესმენის წარმომადგენელმა გადაცემა "საქმის კურსში" სტუმრობისას იმედი გამოთქვა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის მიზნით ხელახალ ტენდერშიც "ტენდენციურობა არ გამოიკვეთება".

როგორც თემურ ქარჩავას სახელით გავრცელებულ განცხადებაშიც ეწერა, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "ანაკლიის განვითარების კინსორციუმის მიმართ" პრეფერენციული დამოკიდებულება გამოიჩინეს, რაც "სამართლიანი არ იყო".

"მოკლედ რომ ვთქვათ, face to face meeting-ის დროს არ ვიცოდით და მზა რეცეპტის სახითაც კი არავის წარმოედგინა, თუ რამხელა მხარდაჭერა ექნებოდა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს იგივე სუბსიდირებული სესხების მიმართულებით და ა.შ. იმ პირობებს, რა პირობებითაც ხელი მოეწერა კონსორციუმსა და მთავრობას შორის ხელშეკრულებას, განიცადა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. მე არ ვარ უფლებამოსილი გავაჟღერო კომერციული საიდუმლოება, თუმცა ნამდვილად ასე იყო. სასტარტო ნიშნულზე არ იყო გაჟღერებული ბევრი რამ, რაც დამატებითი სტიმული იქნებოდა ინვესტორისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, ხოლო შემდეგ, როცა დაიმარტოხელეს ანაკლიის კონსორციუმი, მაშინ მოხდა ყველაფრის გაჟღერება მათ წინაშე და ყველაფერი მოხდა მთავრობის ყოფილი წევრების მეცადინეობით; ვგულისხმობ მათ, ვინც ეკონომიკურ ბირთვში იყო", - განაცხადა მიხეილ ბუზარიაშვილმა.

ამასთან, ადვოკატი ვარაუდობს, რომ კონსორციუმმა წინასწარ იცოდა მთავრობის მიერ პირობების შესაძლო ცვლილებების შესახებ.

"ეს არის დასაბუთებული ვარაუდი, რაც საქმითაც დადასტურდა. ჩვენ ვართ ქმედითი ჯგუფი, ვმუშაობთ, მზად ვართ ნაბიჯებისთვის და ველოდებით რაღაც გაცხადებულს მთავრობის მხრიდან, თუ რა ბედი უნდა ეწიოს ამ პროექტს, არის თუ არა ჩვენთან მიმართებაში პოზიტიური ნაბიჯები და ა.შ", - დასძინა მან.

შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა, მხარეებს შორის დავა, სავარაუდოდ, საერთაშორისო არბიტრაჟში გაგრძელდება. პარალელურად, მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების მიზნით ხელახალ საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებენ, რისთვისაც მუშაობა უკვე დაწყებულია. ტენდერის გამოცხადების დრო, ჯერჯერობით, უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები